ნინო წილოსანი - ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევეცდებით, რომ გამოვძებნოთ ყველა ის რესურსი და ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სტაბილური, მშვიდი განვითარებისთვის
ნინო წილოსანი - ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევეცდებით, რომ გამოვძებნოთ ყველა ის რესურსი და ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სტაბილური, მშვიდი განვითარებისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის უცხოელ პარტნიორებთან ამ დრომდე იმართება კონსულტაციები.

წილოსანის განმარტებით, დღემდე მიმდინარეობს კომუნიკაცია, იქნება ეს პირდაპირი შეხვედრები, ონლაინ, თუ სხვა ფორმით.

„დღეს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაც მათ შორის ამ მიზანს ემსახურებოდა. ჩვენთვის ძალიან ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჩვენი პარტნიორები გვაძლევენ. ამის პარალელურად ასევე ვხედავთ ოპოზიციას, რომელიც მუდმივ რეჟიმში აიგნორებს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდებებს, პირიქით, ისინი ყოველთვის სათავისოდ იყენებენ ამ განცხადებებს, არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდებები და განცხადებები.

ასე იყო მათი მმართველობის დროსაც და ასე არის ახლაც, როცა ისინი ოპოზიციაში არიან, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ მუდმივად პროგრესული მოლაპარაკების რეჟიმში და ამ ყველაფერს ჰქონდეს საბოლოოდ წარმატებული შედეგი. იცით რომ იმ დოკუმენტს, რომელიც დანიელსონმა დადო, ჩვენი მხრივ პრინციპულად მივესალმებოდით, თუმცა, სამწუხაროდ, მუდმივი დესტრუქციის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის მხრიდან იქნა დაწუნებული, ამიტომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად დღევანდელ დღემდე და ვიდრე შედეგს არ მივიღებთ, შევეცდებით, რომ გამოვძებნოთ ყველა ის რესურსი და ყველა ის ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სტაბილური და მშვიდი განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ ქვეყანაში ოპოზიციის პლურალიზმს, მათ ფაქტორს კონკრეტული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს და რაც მთავარია, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენი მოსახლეობა და საზოგადოება მშვიდ გარემოში ვითარდებოდეს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.