ნინო სალუქვაძე 291 ქულით მეშვიდე ადგილზეა - მედლისთვის ბრძოლას ხვალ განაგრძობს #1TVSPORT
ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ტოკიოში სპორტული პისტოლეტიდან სროლაშიც ჩაება, და წარმატებითაც. დღეს გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნახევარი – 3 სერია, სალუქვაძე კი 291 ქულით მეშვიდე ადგილზეა. მან დამატებითი მაჩვენებლებით გაუსწრო კიდევ 5 მსროლელს, რომლებსაც ასეთივე შედეგი აქვთ.
სალუქვაძემ პირველი სერია 94 ქულით დაამთავრა, თუმცა შემდეგ გაცილებით უკეთესად ისროლა: 98 და 99 ქულა.
ჯერჯერობით, საკვალიფიკაციოს საუკეთესო შედეგი 296 ქულაა, რაც ევროპისა და მსოფლიოს ორ-ორგზის ჩემპიონმა, სერბმა ზორანა არუნოვიჩმა შეძლო. მას 294-ით ბერძენთა ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ანა კორაკაკი მისდევს, 293-ით კი მესამეა ბულგარელი ანტოანეტა კოსტადინოვა, რომელიც რამდენიმე დღის წინ 10-მეტრიან დისტანციაზე ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
სალუქვაძეს თითო ქულით რუსთა აწ უკვე ოლიმპიური ჩემპიონი, 10-მეტრიანი დისტანციის მომგები ვიტალინა ბაცარაშკინა, ინდოელი მანუ ბჰაკერი და უკრაინელთა ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი – ოლენა კოსტევიჩი უსწრებენ.
საკვალიფიკაციო ეტაპი ხვალ დასრულდება. ხვალვე ფინალური პაექრობა გაიმართება.