ნინო ქადაგიძე - ჩემი დიდი სურვილია, ხელშესახები წვლილი შევიტანო ქართული მართლმსაჯულების განვითარების პროცესში
ნინო ქადაგიძე - ჩემი დიდი სურვილია, ხელშესახები წვლილი შევიტანო ქართული მართლმსაჯულების განვითარების პროცესში

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია ჩემთვის ნამდვილად არ არის კომფორტის ზონა, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო ქადაგიძემ განაცხადა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

მისი თქმით, მართლმსაჯულებას პირველად ეძლევა შესაძლებლობა, აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილ იყოს კანდიდატი, რომელიც კარიერული მოსამართლეა და სასამართლო რეფორმის ყველა ეტაპზე პროცესში ჩართული იყო.

„გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად არ მეგონა თუ მეყოფოდა გამბედაობა და საზოგადოებას ამ თანამდებობაზე შევთავაზებდი ჩემს კანდიდატურას, თუმცა მივიჩნიე, რომ ჩემი მხრიდან ეს შანსი გამოყენებული უნდა იყოს, რამდენადაც ვფიქრობ, ქართულ მართლმსაჯულებას პირველად ეძლევა შესაძლებლობა, წარდგენილ იყოს ის კანდიდატი, რომელიც კარიერული მოსამართლეა და, რომელიც სასამართლო რეფორმის თითქმის ყველა ეტაპზე პირდაპირ და აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში.

მინდა, დაგარწმუნოთ, რომ თავმჯდომარის პოზიცია ჩემთვის ნამდვილად არ არის კომფორტის ზონა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი, როგორც მოქალაქის და იურისტის ვალდებულებაა, მივიღო ეს გამოწვევა“, – განაცხადა ქადაგიძემ.

როგორც მან აღნიშნა, დიდი სურვილი სურვილი აქვს, ხელშესახები როლი შეიტანოს ქართული მართლმსაჯულების განვითარებაში.

„ბუნებრივია, მე საზოგადოებისთვის ვერანაირ დაპირებას ვერ გავცემ, თუმცა ჩემი დიდი სურვილია, რომ აქტიური და ხელშესახები წვლილი შევიტანო ქართული მართლმსაჯულების განვითარების პროცესში. ამ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ჩემ უკან მდგომი არც თუ ისე დიდი, მაგრამ დღეს უკვე საკმაოდ მძლავრი სასამართლო კორპუსი,“ – განაცხადა ქადაგიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურას, საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, კანდიდატურის კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე მოხდება.

ნინო ქადაგიძის კანდიდატურაზე კენჭისყრა სავარაუდოდ მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე მოხდება. მას თანამდებობაზე ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.