ნინო ქადაგიძე - ამ მოწვევის პარლამენტმა ისტორიული როლი შეასრულა სასამართლო რეფორმირების საკითხში, ასევე მინდა, ოპოზიციის წვლილიც ხაზგასმული იყოს
ნინო ქადაგიძე - ამ მოწვევის პარლამენტმა ისტორიული როლი შეასრულა სასამართლო რეფორმირების საკითხში, ასევე მინდა, ოპოზიციის წვლილიც ხაზგასმული იყოს

ჩვენს ქვეყანაში, სადაც მოსამართლის და სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის გარანტიები არ არის მრავალსაუკუნოვანი კულტურით დაცული, უმნიშვნელოვანესია ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები, – ამის შესახებ პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო ქადაგიძემ განაცხადა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

როგორც მან კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციაში ბოლო დროს განხორციელებულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ფორმირების პროცესში და ხელისუფლების სხვა შტოებისგან არასათანადო კავშირებისა თუ გავლენებისგან მისი დაცვის თვალსაზრისით.

„ამ მიმართებით მინდა, განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნო მიმდინარე მოწვევის პარლამენტის დამსახურება. ვფიქრობ, ამ პარლამენტმა ისტორიული როლი შეასრულა ამ მიმართულებით.

აქვე მინდა, ოპოზიციის როლი აღვნიშნო, რამდენადაც ოპოზიციაში, საპარლამენტო უმცირესობაში არიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სასამართლო რეფორმირების სათავეებში იდგნენ და მინდა, მათი წვლილიც ხაზგასმული იყოს. ვიცი, რომ მათი მხარდაჭერის იმედი დღეს არ მექნება, მაგრამ მინდა, ამ პროცესისადმი მათი დამოკიდებულების მიმართ ჩემი პოზიცია და პატივისცემა ხაზგასმით აღვნიშნო,“ – განაცხადა ნინო ქადაგიძემ კომიტეტის სხდომაზე.