ნინო ნადირაძე - მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ძალიან დიდწილად არის პოლიტიკური მდგენელი, რაც ხელს გვიშლის ბევრი მიმართულებით, ექიმები მუდმივი წნეხის პირობებში იმყოფებიან
ნინო ნადირაძე - მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ძალიან დიდწილად არის პოლიტიკური მდგენელი, რაც ხელს გვიშლის ბევრი მიმართულებით, ექიმები მუდმივი წნეხის პირობებში იმყოფებიან

ყოველდღიურად, დღეში რამდენიმეჯერ ვიღებ ინფორმაციას პაციენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ მასთან კონტაქტში მყოფი ყველა ექიმისგან. მათი ძირითადი გულისტკივილი არის ის, რომ ძალიან ხშირად პაციენტი ეჭვის ქვეშ აყენებს მათ მიერ მიცემულ დანიშნულებას, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა.

როგორც ნინო ნადირაძემ აღნიშნა, კლინიკის ექიმები მუდმივი წნეხის პირობებში იმყოფებიან.

„მთავარი არის ალბათ ის, რომ ამ პაციენტის მკურნალობაში ძალიან დიდწილად არის პოლიტიკური მდგენელი, რაც, რა თქმა უნდა, ხელს გვიშლის ძალიან ბევრი მიმართულებით. პირველი დღიდანვე არის წნეხი, პირველი დღიდანვე გვიცხადებენ უნდობლობას. ფაქტობრივად, ჩვენ მიერ გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, ჩვენ მიერ დასმულ დიაგნოზებს, გაწერილ სამკურნალო ღონისძიებებს თუ დიაგნოსტიკურ კვლევებს მუდმივ რეჟიმში უცხადებენ უნდობლობას. არა მხოლოდ უნდობლობა სიტყვიერად, ეს გამოიხატება შეურაცხყოფების კასკადით, ცალკეულ ექიმებზე ზეწოლით, რის გამოც მე მუდმივად მიჭირს სტაფის შერჩევა, მიწევს მათი ფინანსური წახალისება, მორალური დამშვიდება და ეს მუდმივად პრობლემად მაქვს. მე მიჩვეული ვარ ჩემზე ზეწოლას, ჩემს ბულინგს. ამას კარგად ვიტან შეძლებისდაგვარად, რადგან არ მაქვს უფლება, რომ ხელები ჩამოვუშვა, მაგრამ ჩემი ექიმები, რომელთაც ჰყავთ ოჯახები, ჩემი მედდები, რომელთაც ასევე ჰყავთ ოჯახები, მუდმივი წნეხის პირობებში იმყოფებიან. მათ პირად შეტყობინებებში, უშუალოდ პირადადაც აყენებენ შეურაცხყოფას, არის მუქარები და ჩვენ ეს შეგვიძლია, წარმოვადგინოთ, თუ ამ მიმართულებით მივეცით საქმეს მსვლელობა“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი შერჩევით იღებს პრეპარატებს.

„ყოველდღიურად, დღეში რამდენიმეჯერ ვიღებ ინფორმაციას პაციენტის შესახებ მასთან კონტაქტში მყოფი ყველა ექიმისგან. მათი ძირითადი გულისტკივილი არის ის, რომ ძალიან ხშირად პაციენტი ეჭვის ქვეშ აყენებს მათ მიერ მიცემულ დანიშნულებას. რა თქმა უნდა, ის შერჩევით იღებს პრეპარატებს. ყველაზე დიდი პრობლემა რჩება კვების პრობლემა და კვებასთან დაკავშირებული სხვა სამკურნალო ღონისძიებების გატარება. მე პირადად არც ერთხელ დამიშურებია და არც ერთხელ დამიხევია უკან. ხშირად ავდიოდი ბატონ მიხეილთან, როდესაც უკვე ექიმი ძალიან მთხოვდა, რომ ჩემს ნათქვამს ყურად არ იღებს, მისთვის ამიხსნია დეტალურად, თუ რამხელა რისკის ქვეშ აყენებს ის თავის ჯანმრთელობას, როდესაც ასეთი მცირე კალორაჟის საკვებს იღებს. გარდა მაგისა, როდესაც შესთავაზეს, უკვე პარენტერალურ კვებაზე დადგა საუბარი ან სხვა კვებით დანამატებზე, რომელსაც ადრე იღებდა და დღეს კატეგორიულ უარს აცხადებს, ის ახსენებს სხვა ექიმებს, რომლებისაც მას უფრო სჯერა. ჩვენ ვიკითხეთ ვისზე იყო საუბარი, უცხოელ ექსპერტებზე?! არა, მან თქვა, რომ ქართველი ექიმები მას ეუბნებიან, რომ ეს კვებითი დანამატები და პარენტერალური კვება მისთვის ჯერ მიზანშეწონილი არ არის, რაზეც ქალბატონმა თამარ დავარაშვილმა მოსთხოვა, რომ ჩვენ არ გვქონდა პრობლემა, მათ დაეწერათ კონსულტაციის სახით და თავისი ხელმოწერით დაედასტურებინათ პარენტერული კვების მიზანშეუწონლობა და სხვა შენიშვნები მიეცათ“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

როგორც მოწმემ აღნიშნა, „ვივამედის“ კარი ყოველთვის ღიაა ნებისმიერი კვალიფიციური გულშემატკივარი ექიმისთვის და ვერავინ იტყვის, რომ კლინიკამ ვინმეს აუკრძალა სამკურნალო პროცესში ჩახედვა.

„ჩვენი კლინიკის კარი ყოველთვის ღიაა ნებისმიერი კვალიფიციური გულშემატკივარი ექიმისთვის. ამას ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ვინმეს ავუკრძალეთ სამკურნალო პროცესში ჩახედვა, თუ მათგან იყვნენ ეს ადამიანები წარმოდგენილი. ან ხელი შევუშალეთ, პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვიყავით კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად. ყოველთვის იმედი მქონდა მათთან თანამშრომლობის. სამწუხაროდ, ჩასაფრებული პოზიციის და გაუმართლებელი კრიტიკის გარდა ჩვენ მათგან არაფერი მიგვიღია. ეს იყო ქედმაღალი, ზემოდან ყურებითი დამოკიდებულება, რომ ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ. დღესაც ვითხოვ მათგან, გაამყარონ თავიანთი ხელმოწერით თავიანთი მოსაზრება და დაწერონ, რომ პაციენტს არ ესაჭიროება პარენტერალური კვება და სხვა დამხმარე ხელოვნური კვების საშუალებები“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.