ნინო ლომჯარია - „თბილისი პრაიდის“ მიერ მარშის გაუქმების მიუხედავად, ეს ადამიანები არიან სერიოზული საფრთხის ქვეშ, მოვუწოდებ პოლიციას, უზრუნველყოს უსაფრთხოება, მოვუწოდებ მაღალი თანამდებობის პირებს, გააკეთონ სწორი განცხადებები
ნინო ლომჯარია - „თბილისი პრაიდის“ მიერ მარშის გაუქმების მიუხედავად, ეს ადამიანები არიან სერიოზული საფრთხის ქვეშ, მოვუწოდებ პოლიციას, უზრუნველყოს უსაფრთხოება, მოვუწოდებ მაღალი თანამდებობის პირებს, გააკეთონ სწორი განცხადებები

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „თბილისი პრაიდმა“ დაანონსებული მარში გააუქმა, საფრთხე კვლავ არსებობს.

ამიტომ, ლომჯარია მოუწოდებს პოლიციას, უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოება.

„რაც შეეხება ამ წუთას არსებულ ვითარებას, ჩემი ინფორმაციით, მოძალადე ჯგუფები რეალურად კორპუს-კორპუს, სადარბაზო-სადარბაზო დასდევენ ადამიანებს, ქუჩაში უსწორდებიან ჟურნალისხტებს, ასევე, ადამიანებს, რომლებსაც ცნობენ და აღიქვამენ როგორც მხარდამჭერებად ლგბტ თემის. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ პრაიდმა გააუქმა დაანონსებული მარში, ეს ადამიანები არიან სერიოზული საფრთხის ქვეშ. მოვუწოდებ პოლიციას, უზრუნველყოს თითოეული ამ ადამიანის უსაფრთხოება. დღეს ირღვეოდა როგორც სამოქალაქო უფლებები, ირღვეოდა ჟურნალისტების უფლებები, თუმცა დღეს არა თუ პრაიდის ჩატარება-არ ჩატარებაზე ან გამოხატვის და შეკრების უფლების რეალიზაციაზე იყო საუბარი, არამედ ელემენტარული სამოქალაქო უსაფრთხოება იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ და დღემდე სიტუაცია არის უკონტროლო, მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება რეალური საფრთხე, ასევე, საკუთრების უფლება არის დარღვეული და პირად სივრცესაც არღვევენ ეს ადამიანები, არსად არ არის უსაფრთხო აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს მაღალი თანამდებობის პირებსაც, გააკეთონ სწორი განცხადებები და არა ისეთი, რაც მეტად წაახალისებს დისკრიმინაციას და ძალადობას.

„მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ძალიან სწორი განცხადება გააკეთა და მოვუწოდებ ყველა მაღალი თანამდებობის პირს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, საჯარო პირებს, რომ გააკეთონ მხარდამჭერი, სწორი განცხადებები და არ გააკეთონ ისეთი განცხადებები, რაც მეტად წაახალისებს დისკრიმინაციას და ძალადობას, რასაც მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, ნინო ლომჯარიას შეფასებით, სახელმწიფომ ყველა შესაძლო პრევენციული ძალა არ გამოიყენა.

„ჩვენ გვინახავს, როგორ მოქმედებს პოლიცია სხვა აქციების შემთხვევეში, როდესაც პოლიცია თვლის, რომ ძალადობას აქვს ადგილი, ასევე გვინახავს, მათ შორის როგორ ზღუდავს პოიცია გადაადგილების შესაძლებლობას, როცა მიაჩნია, რომ გადაადგილებამ შეიძლება, გამოიწვიოს დაპირისპირება კონკრეტულ ჯგუფებს შორის. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ დავინახეთ პრევენციულად გადადგმული ნაბიჯები და რეალურად მოხდა ის, რომ ძალადობრივი ჯგუფები მივიდნენ ყველა იმ ადგილას, სადაც შესაძლებელია, ყოფილიყვნენ პრაიდის მხარდამჭერები, ორგანიზატორები, სამოქალაქო აქტივისტები, თუ ჟურნალისტები. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, პოლიციას აქვს შესაბამისი სპეციალური ძალები, ჩევენ არამც და არამც არ ვამბობთ, რომ ძალა უნდა ყოფილიყო გამოყენებული, ან, რა თქმა უნდა არაპროპორციულ გამოყენებაზე არაფერს ვამბობთ, მაგრამ რეალურად, ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ სახელმწიფომ გამოიყენა ყველა შესაძლო პრევენციული ძალა, მათ შორის სპეციალური ძალაც, რომ მსგავსი მასშტაბის განვითარება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ არ ყოფილიყო. მათ შორის, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დაუცველი იყო პოლიციაც, ძალადობდნენ პოლიციაზეც და ადგილზე მყოფი პოლიციელები ვერ ახერხებდნენ, დაეცვათ ჟურნალისტებისა და მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

„თბილისი პრაიდმა“ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ღირსების მარში #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება.