ნინო ლომჯარია - აქამდე არ გვქონია რომელიმე პატიმრის მონახულების პრობლემა, იმედი მაქვს, არც მომავალში შეგვექმნება, მით უმეტეს სააკაშვილის შემთხვევაში
ნინო ლომჯარია - აქამდე არ გვქონია რომელიმე პატიმრის მონახულების პრობლემა, იმედი მაქვს, არც მომავალში შეგვექმნება, მით უმეტეს სააკაშვილის შემთხვევაში

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის შექმნის დანიშნულება იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო მომსახურების ხარისხი.

მისივე თქმით, სამედიცინო ჯგუფი დაწესებულებაში შესვლას უახლოეს პერიოდში აპირებს. ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ ამ ჯგუფს შესვლასთან დაკავშირებით დაბრკოლებები არ შეექმნება.

„იქედან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმი უკვე შვიდი დღეა, არ შესულა მესამე პრეზიდენტთან მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ამ კონსილიუმის ეფექტურ მუშაობას დაბრკოლებები ექმნება, რადგან მათ ფიზიკურად არ უშვებენ პენიტენციურ დაწესებულებაში, სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი მანდატის ფარგლებში, რის უფლებასაც გვაძლევს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონი, შექმნას სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შევა მე-18 დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებით. შესაბამისად, მათ ნებისმიერ დროს, საჭიროებისამებრ ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ ვიზიტები და ამ ჯგუფის დანიშნულება იქნება, შეაფასოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პენიტენციური სამსახურის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი. ასევე შეაფასოს, რამდენად შეუძლია სახელმწიფოს, შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გაცემული ვალდებულება, რომ უზრუნველყოს პატიმარი შიმშილობის შეწყვეტის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესში საუკეთესო ხარისხის სამედიცინო მომსახურებით.

ამ ჯგუფს ჩვენ ვაძლევთ სახალხო დამცველის რწმუნებას, შესაბამისად, ისინი შევლენ დაწესებულებაში, როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენლები, რაც არის გათვალისწინებული სახალხო დამცველის შესახებ კანონით. თუ ამ ჯგუფს შეექმნება დაბრკოლებები, ეს ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველს და მის წარმომადგენლებს ეუბნება უარს ციხეში პატიმრის მონახულებაზე, რაც წარმოადგენს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, არამედ შესაძლებელია, დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის დანაშაულადაც. აქამდე არ გვქონია პრობლემა რომელიმე პატიმრის მონახულების და იმედი მაქვს, არც მომავალში შეგვექმნება, მით უმეტეს სააკაშვილის შემთხვევაში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კითხვაზე, რამდენად ხშირად იქნება შემოწმება, ლომჯარიამ განაცხადა, რომ ამას საჭიროების მიხედვით კონსილიუმი გადაწყვეტს.

„ამას ალბათ საჭიროების მოხედვით თავად კონსილიუმი გადაწყვეტს, თუ რა რეგულარულობით ივლიან, ვინ ივლის პაციენტის და პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ შესვლას. ზუსტ დროს გაცნობებთ ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, რადგან წინასწარ ჩვენ ყოველთვის ვცდლობთ, არ დავაანონსოთ ჩვენი ვიზიტი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, ლომჯარია ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მოსაზრება.

„ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მისაღებად გადამწყვეტია მედიკოსების ანუ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ არ მოგვისმენია იმის გამო, რომ ერთი კვირაა, რაც გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში და ერთი კვირაა, კონსილიუმი იქ ვერ შევიდა. ამიტომ ფიზიკურად არ იარსებებს ასეთი მოსაზრება, თუმცა ვფიქრობ, სახალხო დამცველის აღნიშნული მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნით და ციხეში ვიზიტის შემდგომ, ასეთი დასკვნა იარსებებს.

ეს ექსპერტები ჩვენ გვეტყვიან, არის თუ არა ადგილზე ის პირობები და შესაძლებლობები, რომ პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს პატიმრის სათანადო რეაბილიტაცია ან მკურნალობის გაგრძელება შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში. შემდგომ უკვე დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო ამ საკითხების შეფასებისას იხელმძღვანელებს სწორედ ექსპერტების მიერ მიღებული რეკომენდაციებით, დასკვნით და არა პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებებით“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.