ნინო ლომჯარია - სალომე ზურაბიშვილმა სამართლიანად გააკრიტიკა ხელისუფლება, თუმცა მეც მაქვს შეკითხვები პრეზიდენტთან, მასაც შეეძლო, ემოქმედა
ნინო ლომჯარია - სალომე ზურაბიშვილმა სამართლიანად გააკრიტიკა ხელისუფლება, თუმცა მეც მაქვს შეკითხვები პრეზიდენტთან, მასაც შეეძლო, ემოქმედა

სალომე ზურაბიშვილმა სამართლიანად გააკრიტიკა ხელისუფლება, თუმცა მეც მაქვს შეკითხვები პრეზიდენტთან, მასაც შეეძლო, ემოქმედა, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტის გუშინდელი ბრიფინგის შეფასებისას.

​ლომჯარიას თქმით, რეზოლუციაში ნიკა გვარამიაზეც წერია და პრეზიდენტმა გვერდი აუარა მისი შეწყალების საკითხს.

„იყო საკითხები, რაშიც ვეთანხმები პრეზიდენტს; მაგალითად, მან სამართლიანად გააკრიტიკა ხელისუფლება განუხორციელებელი რეფორმების გამო და იმ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რაც საქართველომ აიღო ევროკავშირის წინაშე; თუმცა, მეორე მხრივ, მეც მაქვს შეკითხვები პრეზიდენტთან – თუ ის თვლიდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და კანონები, რისი მიღებაც, მისი აზრით, იყო გაუმართლებელი, მასაც შეეძლო, ემოქმედა ან ვეტო დაედო; ან შეუძლია შეწყალების უფლების გამოყენება და მივმართე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით; რატომღაც, მან არ ახსენა ის, რომ რეზოლუციაში ეს საკითხიც არის მოხსენიებული და გვერდი აუარა შეწყალების საკითხს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, ლომჯარიამ კომენტარი გააკეთა 16 და 20 ივნისს დაანონსებულ ორ აქციასთან დაკავშირებით. ის ემხრობა, რომ მოქალაქეები წავიდნენ ყველა აქციაზე, სადაც იქნება შეკრება ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით.

„ვფიქრობ, რომ ახლა არ არის ნამდვილად დრო, რომ საზოგადოება დაიყოს და კიდევ უფრო გაიყოს სხვადახვა საკითხების გარშემო. პირიქით, მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველგან, სადაც იქნება შეკრება ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით, ჩვენ ალბათ ყველგან უნდა მივიდეთ და არ უნდა დავიღალოთ, ეს იქნება ორი, სამი თუ ოთხი შეკრება. ეს აქციები ასევე უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ხალხი ითხოვს იმ რეფორმების განხორციელებას, რაც დაგვაახლოებს ევროპასთან.

მე ვემხრობოდი, რომ ყველგან წავიდეთ, სადაც იქნება მოწოდება ევროპასთან უფრო მეტი ინტეგრაციის შესახებ. შეიძლება, წავიდე, რა იქნება პირადი გეგმები, ჯერ არ ვიცი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.