ნინო ლომჯარია - სახალხო დამცველი წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით გვაქვს რეაგირება
ნინო ლომჯარია - სახალხო დამცველი წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით გვაქვს რეაგირება

სახალხო დამცველი წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით გვაქვს რეაგირება ისევე, როგორც ამას წინა წლებში ვაკეთებდით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაუცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, უკვე დაფიქსირდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები.

„ასევე, ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების თაობაზე, ამ საკითხებშიც ჩართულები ვართ. შესაბამის უწყებებს მივმართავთ და მოვიძიებთ ინფორმაციებს, რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება. სამწუხაროდ, წინა წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის პრაქტიკულად არავის უგია პასუხი და მოსყიდვის, თუ სხვა შემთხვევებზე დღემდე არ გვყავს დაზარალებული, თუ ბრალდებული პირები აღნიშნულ საქმეებში. სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკაა, თუმცა სახალხო დამცველი განაგრძობს მონიტორინგის განხორციელებას, რამდენად ობიექტურად და დროულად ხდება თითოეულ ფაქტზე გამოძიების დაწყება და პირების პასუხისგებაში მიცემა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, მედია გარემოს შეფასებისას სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მედიას აქვს პასუხისმგებლობა, ობიექტურად და სიძულვილის ენის გამოყენების გარეშე გააშუქოს ინფორმაცია.

„წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგს იმედია, განახორციელებენ ეუთო/ოდირი, თუ სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ჩვენი მოწოდება იქნება, მაქსიმალურად გაკონტროლდეს, რომ არ იქნეს გამოყენებული სიძულვილის ენა. რა თქმა უნდა, მედია ვერ აიღებს ყველაფერზე პასუხისმგებლობას, მაგრამ ვფიქრობ, მედიასაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მსგავსი ფაქტების გაშუქებისას. ჩემი მოწოდება იქნება თითოეული მედიასაშუალების მიმართ, მაქსიმალურად გაკონტროლდეს, რომ არ იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა, ქსენოფობიური, ჰომოფიბიური განცხადებები და არ იყოს წახალისებული ძალადობის ფაქტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მედია ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, პირველ რიგში ეს პოლიტიკური სუბიექტების პასუხისმგებლობაა, თუმცა ვფიქრობ, მედიასაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება გარკვეული ფაქტების სწორად გაშუქების თვალსაზრისით“, – განაცხადა ლომჯარიამ.