ნინო ლომჯარია - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, ეს ვიზუალურადაც ეტყობა, მკვეთრად არის დაკლებული წონაში
ნინო ლომჯარია - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, ეს ვიზუალურადაც ეტყობა, მკვეთრად არის დაკლებული წონაში

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა.

როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზუალურადაც ეტყობა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია.

მისივე განცხადებით, როგორც ექიმებისგან აქვს ინფორმაცია, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია.

„ვნახე მიხეილ სააკაშვილი, პირადად ვესაუბრე, ასევე შევხდი მის მკურნალ ექიმს და ადვოკატს. მიხეილ საკაშვილს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, უფრო დიდხანს უჭირს, არ შეუძლია საუბარი. არ ვარ ექიმი, მაგრამ მახსოვს, როგორი იყო შარშან, როგორი იყო შემდეგ ჰოსპიტალში და ვიზუალურად განსხვავება ძალიან თვალში საცემია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია, ვიზუალურადაც ეტყობა. მკვეთრად არის დაკლებული წონაში. პრაქტიკულად, მუდმივად წევს, როგორც ექიმებმაც დამიდასტურეს, ფეხზე არ დგება, არ დადის.

ექიმი ამბობს, რომ, განსაკუთრებით, ოქტომბრის დასაწყისიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკუსვლაა. ექიმი ამას უკავშირებს შემთხვევას, როდესაც პროკურორი და მოსამართლე შევიდნენ მის საკანში. მას შემდეგ სააკაშვილს ემოციურ ფონზე მეტად დაუმძიმდა მდგომარეობა, ცოტას ჭამს, არასაკმარისად იკვებება.

ასევე, ვიცი, რომ ნევროლოგსაც აქვს უკვე ბოლო დასკვნა გაკეთებული, რომელიც საუბრობს ნევროლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე და დინამიკაში უკუსვლაზე. „ვივამედის“ ექიმები ამბობენ, რომ ის არ არის ჯანმრთელი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.