ნინო ლომჯარია კელი დეგნანს შეხვდა
ნინო ლომჯარია კელი დეგნანს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანს შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ომბუდსმენი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რეგულარულად მართავენ შეხვედრებს, რომლებზეც ადამიანის უფლებათა აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ და საუბრობენ.

„დღევანდელი ვიზიტი ელჩის მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პატივისცემის დადასტურება და გამოხატულება იყო. ჩვენ დღეს ყურადღება გავამახვილეთ უზენაეს სასამართლოში განხორციელებულ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე და იმ პრობლემებზე, რასაც ამ პროცესში ვხედავთ. ასევე, ვისაუბრე 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, ხაზი გავუსვი სახელმწიფოს და სამართლადამცავი ორგანოების პასუხისმგებლობას და აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა და ინდიკატორისა, სამართლადამცავ ორგანოებს დღემდე არავინ მიუცია პასუხისგებაში ამ ძალადობრივი ქმედების ორგანიზებისთვის“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ამასთან, ელჩის თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნებისმიერ დემოკრატიაში, განსაკუთებით საქართველოში, მაშინ, როცა ქვეყანა მნიშვნელოვან და რთულ საკითხებს უმკლავდება.

„ძალიან კარგი შესაძლებლობა მქონდა, განმეხილა სახალხო დამცველთან და მის გუნდთან ბოლო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. სახალხო დამცველის ინსტიტუტი თამაშობს უაღრესად მნიშვნელოვან როლს ნებისმიერ დემოკრატიაში, განსაკუთებით აქ, საქართველოში, მაშინ, როდესაც ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან და რთულ საკითხებს უმკლავდება. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს სახალხო დამცველის აპარტთთან მუშაობას თანამშრომლობის გასაღრმავებლად და სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი როლის მხარდასაჭერად, რომელსაც ის ასრულებს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, რომლის კომენტარიც ომბუდსმენის აპარატმა გაავრცელა.

დატოვე კომენტარი