ნინო ლომჯარია გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა
ნინო ლომჯარია გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელს, ანნა ჩერნიშოვას შეხვდა.

ანნა ჩერნიშოვამ გამოხატა მხარდაჭერა სახალხო დამცველის მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ეფექტიანი და შეუფერხებელი მუშაობა აუცილებელია საქართველოს ეროვნული პრიორიტეტების მიღწევისთვის და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისთვის.
როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობამ და გაერო-ს სხვადასხვა სააგენტომ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მისცეს საშუალება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, განახორციელოს მონიტორინგი ნინოწმინდის პანსიონში.

„ისინი აცხადებენ, რომ ეს არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის ვალდებულებაა, არამედ საქართველოს სახალხო დამცველი გაერო-ს კონვენციის თანახმად წარმოადგენს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს. ამ საერთაშორისო ვალდებულების თანახმად, სახალხო დამცველი აქვს მანდატი, შევიდეს ყველა ტიპის დახურულ დაწესებულებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო გაერო-ს წარმომადგენლობას, გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელობას, რომლებმაც დღევანდელი ვიზიტით ჩვენს ოფისში კიდევ ერთხელ დაადასტურეს და გამოხატეს მხარდაჭერა და პატივისცემა სახალხო დამცველის აპარატის მიმართ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, ანნა ჩერნიშოვას თქმით, გაერო-ს განვითარების პროგრამა 10 წელზე მეტია, მხარს უჭერს სახალხო დამცველს და აღნიშნა, რომ ამაყობს იმ მიღწეული შედეგებით, რომლებსაც წლების განმავლობაში ერთობლივად მიაღწიეს.

ამასთან, ანნა ჩერნიშოვამ გამოთქვა იმედი, რომ სახალხო დამცველი შეძლებს სრულფასოვნად ჩაერთოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო შექმნილი ვითარების გადაწყვეტაში, თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების საფუძველზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება, ნინოწმინდის პანსიონთან მიმართებაში, უნდა მიიღონ და განახორციელონ შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე.

„მოგეხსენებათ, სახალხო დამცველის ინსტიტუტი წარმოადგენს კონსტიტუციურ ორგანოს, რომელსაც ასევე კონსტიტუციით ევალება ადამიანის უფლებების მონიტორინგი ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ხშირად რთულია, იყო სახალხო დამცველი, რადგან სიმართლე, რომელსაც სახალხო დამცველი ამბობს, ყოველთვის არ არის მარტივი მისაღები და ასევე მარტივი გამოსათქმელი. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის ფუნქციების შესრულება და მოვალეობის საფრთხის ქვეშ ან კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნებისმიერი მიმართულებით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთლიანად დემოკრატიას ქვეყანაში და ზღუდავს დემოკრატიას. აქედან გამომდინარე, მინდა, მოვუწოდო როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის, მედიის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაუჭირონ მხარი სახალხო დამცველს მისი ფუნქციების განხორციელებაში და ასევე დაუყოვნებლივ მოხდეს სახალხო დამცველის შეშვება ნინოწმინდის პანსიონში. ჩვენ, როგორც გაერო, მხარს ვუჭერთ და ვაგრძელებთ სახალხო დამცველის მხარდაჭერას ნებისმიერ სიტუაციაში“, – განაცხადა გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა.

დატოვე კომენტარი