ნინო ლომჯარია - დავით გარეჯის საქმეს სიღრმისეულად ვსწავლობთ, რათა დავადგინოთ, სამართლებრივ გარემოებებზე მეტად, პოლიტიკური მოტივები ხომ არ იყო
ნინო ლომჯარია - დავით გარეჯის საქმეს სიღრმისეულად ვსწავლობთ, რათა დავადგინოთ, სამართლებრივ გარემოებებზე მეტად, პოლიტიკური მოტივები ხომ არ იყო

დავით გარეჯის საქმეს სიღრმისეულად ვსწავლობთ, რათა დავადგინოთ, სამართლებრივ გარემოებებზე მეტად, პოლიტიკური მოტივები ხომ არ იყო, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, ომბუდსმენის აპარატი ასევე მზად არის, შეისწავლოს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმე, თუ დაკავებულების ადვოკატები მიმართავენ მათ.

„თითოეულ ამ საქმეს აერთიანებს ის, რომ გარკვეულწილად პოლიტიკურ კონტექსტში მოხდა ამ პირების დაკავება, მათი აქტივობა უკავშირდებოდა პოლიტიკური პარტიის საქმიანობას ან იყვნენ ასოცირებულნი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან. კარტოგრაფების საქმეს გაცილებით სიღრმისეულად ვსწავლობთ. ევროპის სასამართლოს სტანდარტებთან მიმართებით, გვსურს დავადგინოთ, აქ პოლიტიკური მოტივები უფრო ჭარბად ხომ არ იყო, ვიდრე რეალური სამართლებრივი გარემოებები და მოტივები. რაც შეეხება ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, ჩვენ შევისწავლით ამ საქმესაც, თუმცა დაგვჭირდება საქმის მასალები და თუკი მოგვმართავენ ადვოკატები ამ საქმესაც შევისწავლით”

კითხვაზე, რამდენად მართებულია ზოგიერთი დაკავებული პირის მიმართ ტერმინ „პოლიტპატიმრების“ გამოყენება, ლომჯარია პასუხობს, რომ ამ ტერმინის გამოყენება საჭიროებს შესაბამის სამართლებრივ არგუმენტაციას.

მან ასევე აღნიშნა, რომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული პირების შემთხვევაში პოლიტიკური მოტივის კონტურებს ხედავს.

„პოლიტპატიმრები არის პოლიტიკური შეფასების კატეგორია. როდესაც საუბარია ადამიანის უფლებების სტანდარტზე, მაგალითად, ისეთ საქმეებში, რომელსაც პოლიტიკოსები ეძახიან პოლიტპატიმრებს, ჩვენ ვიყენებთ ტერმინებს, რომ ამ საქმეებში დარღვეული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან დარღვეული იყო კონვენციის მე-18 მუხლი. მაგალითად, როდესაც ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის დროს დაადგინა სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა. თუ  ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, ასევე ომბუდსმენის ინსტიტუტი საუბრობენ და ასაბუთებენ მათ პოზიციას, რომ ამ საქმეებში ჭარბობს პოლიტიკური მდგენელი, ამ შემთხვევაში არსებობს საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკურმა ორგანოებმა, როგორც ადგილობრივმა ისე საერთაშორისო, მაგალითად ევროსაბჭოს პოლიტიკურმა ორგანოებმა შეაფასონ ეს საქმეები როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და დაარქვან ამ ადამიანებს პოლიტპატიმრები. ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან, იმისათვის, რომ ჩვენ ადამიანებს დავარქვათ პოლიტიკური პატიმრები, ეს საჭიროებს შესაბამის სამართლებრივ არგუმენტაციას. კარტოგრაფების საქმეში, მე ვხედავ ამის კონტურებს და სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. დანარჩენების შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს წვდომა ამ მასალაზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.