ნინო ლომჯარია - არ ვიტყოდი, რომ ნიკა გვარამიას საქმე იქნება ერთადერთი, რასაც მხედველობაში მიიღებენ ევროკავშირის ინსტიტუტები სტატუსის მინიჭების პროცესში, თუმცა ეს საქმეც იქნება ნამდვილად ხელის შემშლელი 
ნინო ლომჯარია - არ ვიტყოდი, რომ ნიკა გვარამიას საქმე იქნება ერთადერთი, რასაც მხედველობაში მიიღებენ ევროკავშირის ინსტიტუტები სტატუსის მინიჭების პროცესში, თუმცა ეს საქმეც იქნება ნამდვილად ხელის შემშლელი 

თვითონ ევროკავშირის ინსტიტუტებისგან გვესმის, რომ მათთვის მედია თავისუფლება და მედია წარმომადგენლების დაცვა არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ყურადღებას მიაქცევენ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, ვხედავთ, რომ დოკუმენტებშიც გვხდება ეს ჩანაწერები, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას საქმე იქნება არა ერთადერთი, თუმცა იქნება ერთ-ერთი ხელის შემშლელი საქმე ევროინტეგრაციის გზაზე.

ამასთან, როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებისთანავე მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, გამოეყენებინა შეწყალების კომპეტენცია ნიკა გვარამიასთან მიმართებაში.

„რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას საქმეც იქნება ნამდვილად ხელის შემშლელი ამ გზაზე. მე არ ვიტყოდი, რომ ეს იქნება ერთადერთი, რასაც მხედველობაში მიიღებენ და იქნება ხელისშემშლელი და უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს ამ ევროინტეგრაციის პროცესზე, რაც ყველას ძალიან გვეჩქარება და გვინდა. თქვენ გახსოვთ ალბათ, როდესაც შევისწავლე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, მაშინვე მოვუწოდე საქართველოს პრეზიდენტს, გამოეყენებინა შეწყალების კომპეტენცია. მას წერილობით მივწერე და დავასაბუთეთ, თუ რატომ იყო ეს ის შემთხვევა, სადაც პრეზიდენტს უნდა გამოეყენებინა ეს კომპეტენცია და რა თქმა უნდა, ამ აზრზე ვრჩები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

12-მა ევროპარლამენტარმა სალომე ზურაბიშვილს გუშინ მიმართა, რომ პრეზიდენტმა განიხილოს ნიკა გვარამიას შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება.