ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ კეზერაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას შეისწავლიან და თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე პოზიციას საზოგადოებას ამის შემდეგ გააცნობენ
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ კეზერაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას შეისწავლიან და თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე პოზიციას საზოგადოებას ამის შემდეგ გააცნობენ

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე საუბრისას განაცხადა, რომ ვიდრე საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ნახავს, გაუჭირდება კომენტარის გაკეთება.

მისივე თქმით, საკითხით დაინტერესებული არიან და საზოგადოებას პოზიციას აუცილებლად გააცნობენ.

„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას შევისწავლით. ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვნახავთ, კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. თუმცა ერთი მოულოდნელი რამ შემიძლია გითხრათ, როდესაც ჩვენ მივმართეთ უზენაეს სასამართლოს, მოეწოდებინათ მათ გადაწყვეტილება, გვითხრეს, რომ არსებობს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, სამოტივაციო ნაწილი ამ საქმეზე არ არსებობს, რაც ჩემთვის ცოტა უცნაურია. როდესაც ასეთი მაღალი რეზონანსული მნიშვნელობის საქმეზე იღებ გადაწყვეტილებას, როდესაც წლებია, საქმის განხილვა მიმდინარეობს და არ არის ძალიან საჩქარო გადაწყვეტილების მიღება, რატომ არ შეიძლება იყოს ამდენი ხნის განმავლობაში დაწერილი საბოლოოდ გადაწყვეტილება. ამიტომ, ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, როდესაც საბოლოოდ შედგენილი იქნება თავისი სამოტივაციო ნაწილით. ამ საკითხის შესწავლით დაინტერესებული ვართ და ჩვენს პოზიციას გაგაცნობთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კითხვაზე, 9 წლის შემდეგ თემის წამოწევა ხომ არ არის მიმართული კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, ლომჯარიამ განაცხადა, რომ სწორედ ამიტომ სურთ სასამართლოს გადაწყვეტილების შესწავლა.

„გარკვეულად მაქვს შთაბეჭდილება, რომ ტოვებს, ამიტომ ვინტერესდებით ამ საქმით და გვსურს ამ გადაწყვეტილების შესწავლა. ამ საქმის გარშემო ასეთი კითხვები და შთაბეჭდილებები რომ არ არსებობდეს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ჩავერთვებოდით და არ დავინტერესდებოდით“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

უწყების ცნობით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები, დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად.