ნინო ლაცაბიძე - ვერთვები ჩემი საყვარელი, მშობლიური ქალაქის, რუსთავის მერობის საარჩევნო კამპანიაში
ნინო ლაცაბიძე - ვერთვები ჩემი საყვარელი, მშობლიური ქალაქის, რუსთავის მერობის საარჩევნო კამპანიაში

ჩემს გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, ვადაზე ადრე დავტოვო პარლამენტში დაკავებული პოზიცია და ახალი გამოწვევების წინაშე დავდგე, კიდევ ერთხელ ვხდები კანდიდატი და ამჯერად, ვერთვები ჩემი საყვარელი, მშობლიური ქალაქის, რუსთავის მერობის საარჩევნო კამპანიაში, – ამბობს „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, რომელშიც სამომავლო გეგმებსა და სიახლეებზე საუბრობს.

ნინო ლაცაბიძე მადლობას უხდის ამომრჩეველს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ ნდობისთვის და თითოეული მხარდამჭერი სიტყვისთვის, რომელსაც ვისმენდი თქვენთან შეხვედრებზე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. ჩვენ ერთად გავიარეთ რთული, მაგრამ საკმაოდ შედეგიანი პერიოდი. ჩემ მიერ წინასაარჩევნოდ გაჟღერებული რამდენიმე პროექტი და ინიციატივა საპარლამენტო საქმიანობის მცირეხნიანი პერიოდის მიუხედავად, უკვე განხორციელდა ან მიმდინარე სამუშაო პროცესშია. თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვაცნობიერებ, რომ პრობლემები გაცილებით მეტია და მათ როგორც პოლიტიკოსები, ისე თითოეული პროფესიის წარმომადგენელი და ამ ქვეყნის მოქალაქე ერთობლივი ძალისხმევით უნდა გავუმკლავდეთ.

ჩემს გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, ვადაზე ადრე დავტოვო პარლამენტში დაკავებული პოზიცია და ახალი გამოწვევების წინაშე დავდგე. მე კიდევ ერთხელ ვხდები კანდიდატი და ამჯერად, ვერთვები ჩემი საყვარელი, მშობლიური ქალაქის, რუსთავის მერობის საარჩევნო კამპანიაში.

იმისთვის, რომ თქვენთან შეხვედრებზე გაჟღერებული პრობლემების გადასაჭრელად უფრო უშუალო და ხელშესახები ბერკეტი გამაჩნდეს; იმისთვის, რომ რუსთავი გახდეს ეკოლოგიურად სუფთა, გამართული, ეკონომიკური შესაძლებლობების ქალაქი, სადაც ერთობლივი მცდელობით შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. უახლოეს პერიოდში თქვენთან შეხვედრებისას კონკრეტულ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, სადაც ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ხედვა, თუ როგორი გვინდა იყოს მომავლის რუსთავი. ჩვენს ქალაქს დიდი რესურსი და პოტენციალი აქვს, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში შევძლებთ სწრაფ განვითარებას და წინსვლას. გიწვევთ ყველას, რომ ერთად შევქმნათ რუსთავში ახალი შესაძლებლობები“, – აცხადებს რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე.