ნინო ლაცაბიძე - მწამს, რომ გაერთიანებით ჩვენი გუნდი კიდევ ძალიან ბევრი ქალის წარმატებას გაიზიარებს და ხელს შეუწყობს
ნინო ლაცაბიძე - მწამს, რომ გაერთიანებით ჩვენი გუნდი კიდევ ძალიან ბევრი ქალის წარმატებას გაიზიარებს და ხელს შეუწყობს

დღეს გავერთიანდით ქალები, აბსოლუტურად ახალი პოლიტიკური რეალობა დგება და მე დარწმუნებული ვარ, ამ ახალ პოლიტიკურ რეალობაში ძალიან ხშირად მოგვიწევს და ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენს წარმატებას და ერთად ვიბრძოლებთ და დავამარცხებთ იმ გამოწვევებს, რომელიც წინ ჯერ კიდევ გვაქვს, – ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, დღევანდელი გაერთიანება მისცემს ახალ შესაძლებლობებს ქალებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, გოგონებს, რომლებიც უნდა ჩაერთონ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში.

„გიყურებთ დღეს რაც მოვედი მთელი დღეა ამდენ ძლიერ ქალს და გულწრფელად გეტყვით კიდევ, რომ მუნიციპალიტეტებში თქვენი ჩართულობა, ჩვენს სოფლებში, ქალაქებში აღმასრულებელ და წარმომადგენლობით პოზიციებზე კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. სწორედ დღევანდელი ჩვენი გაერთიანება მისცემს ახალ შესაძლებლობებს ქალებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, გოგონებს, რომლებიც უნდა ჩაერთონ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში. ისევე როგორც ჩემმა გუნდმა მე მომცა წლების წინ შესაძლებლობა ვყოფილიყავი აქტიური პოლიტიკურ ასპარეზზე და არ ვთქვი უარი ცხოვრებაში ჩემთვის ალბათ ყველაზე მთავარზე ოჯახზე. შევეცადე და გამომივიდა, რომ მეზრუნა ჩემს საყვარელ საქმეზე, მეზრუნა ჩემი მრავალშვილიანი ოჯახისთვის და ძალიან ღრმად მწამს, რომ ჩვენ ამ ჩვენი გაერთიანებით შევძლებთ, რომ ჩვენი გუნდი კიდევ ძალიან ბევრი ქალის წარმატებას გაიზიარებს და ხელს შეუწყობს. მაშ ასე, ჩვენ დღეს ყველანი ერთად ვერთიანდებით ქვეყნის კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის და ქალების ახალი შესაძლებლობებისთვის პოლიტიკაში“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.