ნინო გოგუაძე – ვიქნებით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ფიზიკურად გადაგვიაროს პოლიციამ
როდესაც კანონის სახელით უსამართლობას სჩადიან, მოქალაქეები ვალდებულნი ვართ, სამართლის აღსრულების გამო, დავარღვიოთ უსამართლო კანონი, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ნინო გოგუაძემ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელიას საქმე პოლიტიკურია. ამასთან, როგორც გოგუაძე ამბობს, უკანონო სამართალთან შეგუებას არ აპირებენ.
„დღეს ასეთი დრო არის. ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმეა. სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც მას შესთავაზებს ის ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში. არ ვიცით, რა მოხდება. შეიძლება, ყველაფერი მოხდეს, მათ შორის – ნიკა მელიას დაპატიმრებაც. ჩვენ არ ვაპირებთ, ამ უკანონო სამართალს შევეგუოთ, ამ არაფორმალურ მმართველობას, ავტორიტარულ სახელმწიფოს შევეგუოთ. დიახ, ვიქნებით აქ. ფიზიკურად გადაგვიარონ და „ქართული იცნების“ ის 88 დეპუტატი, რომელმაც გუშინ მწვანე შუქი აუნთო და საერთოდ, საქართველოს პარლამენტმა ორჯერ დაიჭირა ნიკა მელია, უპასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ იმაზე, რაც აქ მოხდება. მათ შორის, საკუთარი მოქალაქეების მიმართ. აი, აქ ვიდგები და ფიზიკურად გადამიაროს პოლიციამ“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.
ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავდა. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ამოეწურა. გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს სწორედ ამ დღეს მიმართა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.
ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.