ნინო გოგიჩაძე - ნაადრევი ქორწინება საზოგადოებისთვის მიღებული წესია, რადგან ალტერნატიული ცხოვრების ფორმები არ გვაქვს
ნინო გოგიჩაძე - ნაადრევი ქორწინება საზოგადოებისთვის მიღებული წესია, რადგან ალტერნატიული ცხოვრების ფორმები არ გვაქვს

ნაადრევი ქორწინება საზოგადოებისთვის მიღებული წესია, რადგან ჩვენი საზოგადოება საკმაოდ კომფორმული საზოგადოებაა და ალტერნატიული ცხოვრების ფორმები არ გვაქვს, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ნინო გოგიჩაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„როდესაც ნებისმიერი პატარა გოგონა, თუ ბიჭი ცხოვრების გასაყარზე დგება, ამბობს – რა გავაკეთო, ვინ ვარ და რა არჩევანი მაქვს. ცხოვრების წესის თვალსაზრისით, ეს არჩევანი ძალიან შეზღუდულია. ჩვენი ქვეყანა ახალგაზრდებს სხვადასხვა ტიპის არჩევანს არ სთავაზობს, საით შეიძლება, თავიანთი გზა გაიკვალონ. ამის უკან მნიშვნელოვნად დგას განათლების ფაქტორი, რადგან ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა, ხარისხიანი განათლება მიიღონ, რაც მათ თვითგამორკვევის საშუალებას მისცემს და, რაც პროფესიის არჩევისკენ, თუ საკუთარი თავის შეცნობისკენ უბიძგებს. როცა ნაადრევ ქორწინებაზე ვსაუბრობთ, ამ ულუფაში ძალიან დიდი წვლილი აქვს იმას, რომ ჩვენ ქვეყანაში სექსუალური განათლება არ არსებობს“, – განაცხადა გოგიჩაძემ.

ამ განცხადებით ნინო გოგიჩაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა არის ნაადრევ ქორწინებასთან მიმართებით საზოგადოების იმგვარი დამოკიდებულების მიზეზი, როცა ეს მოვლენა მწვავედ არ აღიქმება.

მისი თქმით, გოგონები, რომლებიც ისეთ გარემოში იზრდებიან, სადაც სწავლა ქალის საქმე არ არის, ოჯახის ადრეულ ასაკში შექმნის გადაწყვეტილებას თავად იღებენ, რადგან მათ ალტერნატივას არ უტოვებენ. 

„შენ უკვე გამზადებული ყალიბი გაქვს. იცი, რომ ქალი ხარ და უნდა დაოჯახდე, რადგან ოჯახის მიმართ ალტერნატიული ცხოვრების წესი არ არსებობს; არ შეიძლება, იყო მარტოხელა დედა, არ შეიძლება, დარჩე გაუთხოვარი, არ შეიძლება, არ გყავდეს შვილი და ა.შ. ქალური ბედნიერება არის ეს, რომ გყავდეს ოჯახი, შვილი და ამაზე კითხვის ნიშანი არ დგება“, – განაცხადა გოგიჩაძემ.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევებში, ნებისმიერ სიტუაციაში არის სოციალური იზოლაციის საკითხი.

„გოგონები, რომლებიც თემიდან გამოსვლას ახერხებენ, პოულობენ იმას, ვინც ეუბნება, რომ სხვა გზაც არსებობს. ძალიან ბევრი გოგო ვერ პოულობს ასეთ ადამიანს და სოციალური იზოლაცია ზუსტად ეს არის. ჩვენ გვჭირდება ისეთი სოციალური კავშირები, რომელიც ჩვენი ოჯახისგან, დედის ხედვისგან და მამის განათლებისგან განსხვავდება“, – განაცხადა გოგიჩაძემ.

მისი თქმით, განათლების ნაკლებობას უკავშირდება ასევე მოტაცების და შემდეგ უკვე, მოტაცებული გოგონას მიერ ბედს შეგუების პრობლემაც და ყველა ეს ფაქტორი, რომელიც მომავალში ქალზე და მისი არჩევანის შესაძლებლობაზე დამაკნინებლად მოქმედებს, განათლებასთან არის დაკავშირებული.