ნინო დოლიძე - საარჩევნო რეფორმას საზოგადოებისგან მაღალი ნდობა რომ ჰქონდეს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ნაწილი უნდა იყოს
ნინო დოლიძე - საარჩევნო რეფორმას საზოგადოებისგან მაღალი ნდობა რომ ჰქონდეს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ნაწილი უნდა იყოს

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, რეკომენდაციების ნაწილი საარჩევნო რეფორმის პროექტში ასახულია, თუმცა აქვთ დამატებითი რეკომენდაციები, რასთან დაკავშირებითაც სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრებენ.

ნინო დოლიძის განმარტებით, რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას ეხება.

„გვაინტერესებს დამატებითი დეტალები ელექტრონულ ხმის მიცემასთან დაკავშირებით. ზოგადად, „სამართლიანი არჩევნების“ პოზიციაა, იმისთვის, რომ საარჩევნო რეფორმას ჰქონდეს მაღალი ნდობა და ლეგიტიმაცია საზოგადოებისგან, უნდა იყოს იმ დიალოგის ნაწილი, რომელზეც ამდენი ხანია, ვსაუბრობთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და რომელზეც ჩვენი ევროპელი კოლეგები მოგვიწოდებენ. ვფიქრობთ, რომ ეს რეფორმა იქნება იმ დიალოგის ნაწილი და ვისაუბრებთ სისტემურ საარჩევნო რეფორმაზე. მზად ვართ, წარვადგინოთ უფრო ამბიციური რეკომენდაციები ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ცხადია, ცვლილებებით, გაუმჯობესების ელემენტები არის, რადგან რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებულია შემაჯამებელ ოქმებთან და გადათვლასთან დაკავშირებით, რაც 31 ოქტომბრის არჩევნებზე დიდი პრობლემა იყო. კითხვა გვაქვს იმის თაობაზე, ვინაიდან, ინკლუზიური არ იყო პროცესი, იდეალური საარჩევნო რეფორმა რომ მივიღოთ, რამდენად იქნება ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების ნდობა. ვემხრობით პროცესის ინკლუზიურობას, რადგან რაც უნდა კარგი იყოს რეფორმა, მას მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.