ნინო დოლიძე - საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება არის ამოსავალი წერტილი საარჩევნო პროცესების წარმართვისა და ნდობისათვის
ნინო დოლიძე - საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება არის ამოსავალი წერტილი საარჩევნო პროცესების წარმართვისა და ნდობისათვის

მომხრე ვართ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი იყოს და დაიწყოს ეს პროცესი, როგორც დასავლეთმა გვითხრა, მათ შორის შარლ მიშელმა და მხარეებს ორკვირიანი ვადაც მისცა, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დიალოგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დისკუსია.

ამასთან, როგორც დოლიძემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება არის ამოსავალი წერტილი საარჩევნო პროცესების წარმართვისა და ნდობისათვის.

„ვფიქრობ, დიალოგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დისკუსია. ცხადია, მომხრე ვართ, ამ დიალოგის ქვეშ იყოს განხილვა როგორც საარჩევნო რეფორმის, ასევე სხვა რეფორმების. იმის გამო, რომ საარჩევნო რეფორმის პროცესი არ იყო ინკლუზიური, შესაძლოა, არ იყოს ნდობა ამ რეფორმის მიმართ, რადგან მასში წარმოდგენილი არ იყვნენ ოპოზიციური პარტიები. ამიტომ გვგონია, რომ დიდი დიალოგის ნაწილი უნდა იყოს საარჩევნო რეფორმა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, რეკომენდაციების ნაწილთან მიმართებაში შეთანხმება მოხდა და ასახული იქნება ცვლილებების პაკეტში, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც შეთანხმება ჯერ არ მომხდარა. ყველაზე საკვანძო საკითხი გვგონია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, რადგან ვფიქრობთ, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი, როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესები და როგორი იქნება ნდობა.

შერეული სისტემა რჩება, კარგია, რომ პარიტეტის პრინციპით იქნება ცესკო-ში ცხრა პოლიტიკური პარტია, მაგრამ იმას არ ვეთანხმებით, რომ არ უნდა იყოს პარტიების შესვლა საარჩევნო ადმინისტრაციაში დამოკიდებული მანდატებსა და პარლამენტში შესვლაზე, რადგან გვგონია, რომ პარტიებს ამომრჩეველი აძლევს ხმას, ამაზე უნდა იყოს დამოკიდებული მათი შესვლა საარჩევნო ადმინისტრაციაში.

რაც შეეხება პროფესიული ნიშნით დანიშნულ პირებს, უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს ეს პროცესი, რათა კანდიდატების მიმართ მაღალი ნდობა არსებობდეს და კონსესუსი უნდა იყოს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას შორის“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.