ნინო დოლიძე - მთავრობის გადადგომის მოთხოვნას ნამდვილად არ მივიჩნევთ მიკერძოებად, რადგან აქ საუბარი იყო, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით კონკრეტულ პირს აეღო პასუხისმგებლობა
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს „სამართლიან არჩევნებს“ სურდა მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა. დოლიძის განმარტებით, ორგანიზაციას მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია და არც სურვილი გამოუხატავს.
ნინო დოლიძის თქმით, „სამართლიანი არჩვენები“ არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლის გადაწყვეტილებებშიც ვერავინ ერევა.
ამავდროულად, ნინო დოლიძე ამბობს, რომ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა ნამდვილად არ მიაჩნიათ მიკერძოებად, რადგან აქ საუბარი იყო იმაზე, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აეღო კონკრეტულ პირს.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამოქალაქო ორგანიზაციები ვიდექით ერთად აქციებზე ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რადგან გვინდა ევროპაში ინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს „სამართლიან არჩევნებს“ სურდა მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ორგანიზაცის მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით არნაირი განცხადება არ გაუკეთებია, არც სურვილი გამოუხატავს და არც მოთხოვნა.
ჩვენ ერთად ვიდექით სამოქალაქო ორგანიზაციები და მხოლოდ „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ასეთი მოთხოვნა, ვფიქრობ, არის დისკრიმინაციული დევნა და ზეწოლა ჩვენს ორგანიზაციაზე. „სამართლიანი არჩვენები“ არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლის გადაწყვეტილებებშიც ვერავინ ერევა, ორგანიზაციას არ გააჩნია არც პოლიტიკური აფილაცია დ არც ინტერესი. ჩვენი ინტერესია, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. მთავრობის გადადგომის მოთხოვნას ნამდვილად არ ვთვლით მიკერძოებად, რადგან აქ საუბარი იყო იმაზე, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში პასუხისმგებლობა აეღო კონკრეტულ პირს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. აქ არ იყო რამე არაკონსტიტიურ მოთხოვნაზე ან კონკრეტულად პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საუბარი ან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. დემოკრატიულ სახელმწიფოში როდესაც ვინმეს რამე ეშლება, იქნება ეს მინისტრი, თუ რომელიმე სხვა თანამდებობის პირი, პასუხისმგებლობის აღება არის ანგარიშვალდებულება სახელმწიფოს წინაშე“, – აღნიშნა ნინო დოლიძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ მთავრობის გადადგომასა და ტექნიკური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით საკუთარ მოთხოვნას არ გაემიჯნა, რითაც ნათლად გამოჩნდა, რომ ISFED-ს გამოხატული პოლიტიკური მიზანი აქვს. კობახიძის განმარტებით, ეს მიზანი არის მათ შორის რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობა. ირაკლი კობახიძის თქმით, გამორიცხულია, ამის შემდეგ ISFED ჩაერთოს ნებისმიერ სამუშაო პროცესში.