ნინო დოლიძე - ფუნდამენტურ პრობლემად მივიჩნევთ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, კანონპროექტი ბოლომდე ვერ ფარავს საკითხებს, რომლებმაც პროცესები უნდა გააუმჯობესოს
ნინო დოლიძე - ფუნდამენტურ პრობლემად მივიჩნევთ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, კანონპროექტი ბოლომდე ვერ ფარავს საკითხებს, რომლებმაც პროცესები უნდა გააუმჯობესოს

პარლამენტში უკვე ინიცირებული კანონპროექტი ბოლომდე ვერ ფარავს იმ საკითხებს, რომლებმაც საარჩევნო პროცესები უნდა გააუმჯობესოს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი, რათა საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა მაღალი იყოს.

„ეუთო/ოდირის ერთობლივმა დასკვნამ გვითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საკითხი არის შეტანილი კანონპროექტში, ეს მაინც ფუნდამენტურად ვერ ცვლის საარჩევნო კანონმდებლობას. მთავარია, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი, რადგან საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა თუ მაღალი არ იქნება, კოდექსი გაუმჯობესებულ პროცესებს ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მნიშვნელობა აქვს, როგორი კომისია იქნება როგორც ქვედა, ასევე ზედა დონეზე. სწორედ ამიტომ ნომერ პირველ ფუნდამენტურ პრობლემად მივიჩნევთ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას. პროფესიული ნიშნით დანიშნულ პირებთან დაკავშირებით შერჩევა უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე, კანდიდატების არჩევა ისე უნდა მოხდეს, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არიან და მათი არჩევა რატომ ხდება. ასევე ინიცირებულ ვერსიაში, რომ თუ მანდატს არ იყენებს პარტია, მას წარმომადგენელი არ უნდა ჰყავდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც არასწორია და ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ამ პარტიებს თავიანთი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეთ საარჩევნო ადმინისტრაციაში იმის მიუხედავად, ისინი მანდატს იყენებენ თუ – არა“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.