ნინო ჩხობაძე - ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას მთაწმინდის ფერდობის გამწვანებაზე ყველა თბილისელი დაუჭერს მხარს
ნინო ჩხობაძე - ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას მთაწმინდის ფერდობის გამწვანებაზე ყველა თბილისელი დაუჭერს მხარს

„მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე მიესალმება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას მთაწმინდის ფერდობის გამწვანებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ამ პროცესში ყველა თბილისელი უნდა იყოს ჩართული.

ნინო ჩხობაძის თქმით, მნიშვნელოვანია სახეობების სწორად შერჩევა. ჩხობაძე, როგორც ბიოლოგი, აცხადებს, რომ ერთადერთი შენიშვნა კედართან დაკავშირებით ექნებოდა.

„თავის დროზე ხელოვნურად მოხდა მთელი ფერდის გამწვანება, დაახლოებით წინა საუკუნის 50 წლიდან მოყოლებული ხდებოდა ფერდის სისტემური გამწვანება. წინა თაობას ეს ძალიან კარგად ახსოვს. ყველა სტუდენტი, თუ სკოლის მოსწავლე იყო ამაში ჩართული, ეს იყო ერთ-ერთი გრანდიოზული პროექტი, იყო ძირითადად შავი ფიჭვი, რაც ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშიც არის ნათქვამი. მისი ხანგრძლივობა ხანმოკლე იყო და რეალურად 50 წელიწადში შავ ფიჭვს დაავადება დაეწყო. მნიშვნელოვანია სახეობების სწორად შერჩევა. ერთადერთი, როგორ ბიოლოგს, მაქვს შენიშვნა, რომ კედარი ამისთვის არ გამოდგება, მას ჰორიზონტალური ფესვი აქვს და ის ვერ მაგრდება, ცუდად მოქმედებს ჩვენს გამწვანებაში, თუმცა ყველაზე ნაკლებად დაავადებული ხე არის მთელ თბილისში, მაგრამ ფერდისთვის არ არის მიზანშეწონილი. ძალიან მომწონს ნუშით გამწვანების იდეა, რადგან ნუში კლასიკური ხეა, ჩვენი ზონისთვის დამახასიათებელი. გაზაფხულზე ნუში და იასამანი იქნება ძალიან კარგი და ლამაზი ვიზუალურად. ნუშის გაშენებით ამ ქვეყნიდან წასული სოლომონ ქურდიანის ნატვრა ახდება, რომელსაც უნდოდა ნუშის ბაღების გაშენება მთელს თბილისში და ნუში, როგორც საკრალული ხე, ყოფილიყო თბილისისთვის ხე, რომელიც კარგად ხარობს თბილისის ფერდზე. გამწვანებისთვის სხვა სახეობები, რომელიც იყო ჩამოთვლილი, ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ მისასალმებელია და მე მგონია, ყველა თბილისელი დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას. ისევე უნდა გახდეს ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი, როგორც თავის დროზე ჩვენი წინაპრები ამწვანებდნენ მთაწმინდას, ისევე უნდა გამოვიდნენ და გაამწვანონ. „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“ მხოლოდ მიესალმება ასეთ ღონისძიებებს და მიგვაჩნია, რომ ყველა ჩვენი მოხალისე უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში“,- აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თბილისში, მთაწმინდის ფერდის გამწვანების მიზნით უნიკალური პროექტი განხორციელდება.