ნინო ჭელიძე - დაფინანსების მისაღებად აპლიკანტმა კარგად უნდა გადაწყვიტოს, სად რისი სწავლა უნდა
ნინო ჭელიძე - დაფინანსების მისაღებად აპლიკანტმა კარგად უნდა გადაწყვიტოს, სად რისი სწავლა უნდა

„განათლების საერთაშორისო ცენტრიდან“ დაფინანსების მისაღებად აპლიკანტმა კარგად უნდა გადაწყვიტოს, სად რისი სწავლა უნდა, – ამის შესახებ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ დირექტორმა, ნინო ჭელიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ შეზღუდული არ ვართ არც ქვეყნის არჩევანში და არც პროგრამაში. ჩვენთვის მისაღებია საბაკალავრო 250 სპეციალობა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ქვეყანა უნდა განისაზღვროს და ეს არის უნგრეთი. მიმართულებები შეზღუდული არ არის. გამონაკლისი კეთდება კორპორატიული სამართლისა და ბიზნესადმინისტრირებისთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ ორ სპეციალობას თვითონ ბიზნესმა უნდა მიხედოს“, – განაცხადა ჭელიძემ.

მისი თქმით, ცენტრს ორი სახის პროგრამა აქვს.

„ერთი, როცა აპლიკანტი თვითონ მოიძიებს სკოლას, უნივერსიტეტს, მოდის ჩვენთან და დაფინანსებას, ან თანადაფინანსებას ითხოვს. ჩვენს საპარტნიორო პროგრამებში კი შერჩეულ სტუდენტებს პარტნიორ სხვადასხვა უნივერსიტეტში განვათავსებთ”, – განაცხადა ნინო ჭელიძემ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა, „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ დირექტორმა აღნიშნა, რომ დოქტორანტურაში ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს.

სამაგისტროზე სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში 35 წელია განსაზღვრული, საბაკალავრო კი ასაკობრივ შეზღუდვას არ ითვალისწინებს“, – განაცხადა ჭელიძემ.

როგორც ნინო ჭელიძემ აღნიშნა, 2004 წელს უამრავი სხვადასხვა მიმართულების სტუდენტი შეირჩა, წელს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი პრიორიტეტი საუნივერსიტეტო სფეროს განვითარებაა.

„2004 წელს უამრავი სხვადასხვა მიმართულების სტუდენტი შეირჩა. შერჩევისას ვეკითხებოდით, სურდათ თუ არა საჯარო სექტორში დასაქმება. საბოლოოდ, ყველა საჯარო სექტორში დასაქმდა. შარშან და წელს ვცდილობდით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა საუნივერსიტეტო განვითარებისთვის გამოგვეყენებინა. შესაბამისად, სტუდენტები შეირჩნენ და დასაქმდნენ იქ, სადაც უნივერსიტეტს ყველაზე მეტი დეფიციტი ჰქონდა. ანუ სახელმწიფოს მიზანია, წელს და შემდეგი ორი წლის განმავლობაში საუნივერსიტეტო განვითარებას მეტი ყურადღება მიაქციოს და დეფიციტი შეავსოს“, – განაცხადა ნინო ჭელიძემ.