ნინო ჭელიძე - არ გვქონია შემთხვევა, უცხოეთში სწავლის შემდეგ სტუდენტი უკან არ დაბრუნებულიყო
ნინო ჭელიძე - არ გვქონია შემთხვევა, უცხოეთში სწავლის შემდეგ სტუდენტი უკან არ დაბრუნებულიყო

არ გვქონია შემთხვევა, რომ უცხოეთში განათლების მიღების შემდეგ სტუდენტი უკან არ დაბრუნებულიყო, – ამის შესახებ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ დირექტორმა, ნინო ჭელიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„უცხოურ უნივერსიტეტებში განათლებამიღებული სტუდენტების უკან დაბრუნების პრობლემა ცენტრს არ აქვს და იმედი მაქვს, არა მხოლოდ კონტრაქტული ვალდებულების გამო. საქართველოს ყველაზე მაღალი დაბრუნების მაჩვენებელი აქვს. თუ რატომ ბრუნდება ამდენი ქართველი საქართველოში, ეს ცალკე გადაცემის თემაა“, – განაცხადა ჭელიძემ.

პირველი არხის ჟურნალისტის, გენო ოსიყმაშვილის შეკითხვაზე, რა ბერკეტი არსებობს იმისთვის, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ სტუდენტი საქართველოში დაბრუნდეს, ნინო ჭელიძემ განაცხადა, რომ ჯარიმის ან სანქციის ელემენტი კონტრაქტში არ დევს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი დაბრუნებაზე უარს ამბობს, ან დასაქმებასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს, მან თანხა ცენტრს ბოლომდე უნდა დაუბრუნოს, რამდენადაც ეს გადასახადის გადამხდელების მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხაა.

„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ დირექტორმა შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხდება თუ არა შრომის ბაზრის კვლევა, ძირითადად, რა პროფესიებზეა მოთხოვნა და აქვს თუ არა ცენტრს პრიორიტეტული მიმართულებები, ნინო ჭელიძემ განაცხადა, რომ განათლების მიზანი შრომის ბაზრის დაკმაყოფილება არ არის.

„შრომის ბაზარი უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე განათლების ეტაპი, რომელსაც გადიხარ. შესაძლოა, ზოგჯერ, ახალი სპეციალობით დაბრუნებული ადამიანი, მაგალითად, გლასიოლოგი ამ ეტაპზე შრომის ბაზარზე არ გვჭირდებოდეს, მაგრამ ქვეყანას გლასიოლოგი აუცილებლად სჭირდება. შრომის ბაზრის მოკვლევა არ ყოფილა, მაგრამ გვაქვს პროგრამები, ყოველწლიურად ვუკავშირდებით სხვადასხვა უწყებებს და ვთხოვთ, დეფიციტური მიმართულებების ჩამონათვალი მოგვაწოდონ, რათა შერჩევის პროცესში დეფიციტი შევავსოთ“, – განაცხადა ნინო ჭელიძემ.