ნინო ჭალაგანიძე - ჩვენი მედია რეიტინგს არის გამოკიდებული და ყველაფერს კადრულობს, რომ მეტი მაყურებელი ჰყავდეს
ნინო ჭალაგანიძე - ჩვენი მედია რეიტინგს არის გამოკიდებული და ყველაფერს კადრულობს, რომ მეტი მაყურებელი ჰყავდეს

ჩვენი მედია რეიტინგს ძალიან არის გამოკიდებული და ყველაფერს კადრულობს, რომ მეტი მაყურებელი ჰყავდეს, – ამის შესახებ თსუ-ის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ჭალაგანიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს სენი მხოლოდ ჩვენს ქვეყანას არ ახასიათებს. თუმცა, ჩვენთან ის ზღვარგადასულია. ის, რაც დღეს ხდება, ნორმალური არ არის“, – განაცხადა ჭალაგანიძემ.

ამ განცხადებით ნინო ჭალაგანიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ შეიძლება, მედიას სჭირდებოდეს ტრაგედიების ისე გაშუქება, როგორც ეს ბოლო დროს ხდება. 

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია პირადი პასუხისმგებლობა და სინდისი, რომელიც ადამიანს ან აქვს, ან – არა, რაც ინდივიდუალურია, მაგრამ არსებობს კორპორატიული პასუხისმგებლობაც.

„სად არის იმ კორპორაციის პასუხისმგებლობა, რომელიც შენი დამქირავებელია, გავალდებულებს და ამ ტიპის სიუჟეტების მომზადებას პირდაპირ გიკვეთავს? ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? “, – განაცხადა ჭალაგანიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ ითვლება საქართველოში ემოციებზე თამაში სიტყვის თავისუფლებად, მაშინ, როცა დასავლეთში არსებობს სტანდარტი, რომელსაც მედიასაშუალებები იცავენ, ნინო ჭალაგანიძემ განაცხადა, რომ ახალი ამბების მომზადებისას არსებობს ძალიან მყარი წესი, პოზიტივისა და ნეგატივის წონასწორობა, რომელიც მედიამ უნდა დაიცვას, მაგრამ ქართული მედია ამ წესს ძალიან იშვიათად იცავს.

„თუ მე ვაჩვენებ, რომ სახლი იწვის, სადღაც, გადაცემის ბოლოს აუცილებლად უნდა ვაჩვენო კარგი მეხანძრეც, რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმი არ გამოვიწვიო, მაგრამ ჩვენთან კარგი მეხანძრის ჩვენება არ არის წესი; ვაჩვენებთ მარტო დამწვარ სახლებს და სისხლს. ეს არის პრობლემა“, – განაცხადა ჭალაგანიძემ.

შეკითხვაზე, სად არის გამოსავალი, თსუ-ის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მართალია, ძალიან შორი პერსპექტივაა, მაგრამ ხსნა განათლებაშია.