ნინო ბურჯანაძე - ვიმედოვნებ, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, თავის ინიციატივასთან ერთად განიხილოს ბესელიას ინიციატივა, რომელსაც მთელი ოპოზიცია უჭერს მხარს
ნინო ბურჯანაძე - ვიმედოვნებ, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, თავის ინიციატივასთან ერთად განიხილოს ბესელიას ინიციატივა, რომელსაც მთელი ოპოზიცია უჭერს მხარს

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ინიციატივა, რეალურად შინაარსობრივად არაფერს ცვლის.

ბურჯანაძის თქმით, კანონში არსებობს კონკრეტული მითითება, რომ აღნიშნული ქმედებები დასჯადია.

„ხდება გამკაცრება, რაც მე მგონია, რომ უფრო ქულების ჩასაწერადაა, ვიდრე რეალურად განსახორციელებლად, რადგან ის ქმედებები, რომლებიც ჩამოთვლილი იქნა ბატონი არჩილ თალაკვაძის მხრიდან, არის ქმედებები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების დავალებით და ძალისხმევით.

დაშინების რესურსი, რომ ამომრჩეველი დააშინოს, გინდა თუ არა მე მომეცი ხმაო, ოპოზიციას ნამდვილად არ აქვს. გინდა თუ არა, მაჩვენე, რომელი ბიულეტენი შემოხაზეო, არც ამის რესურსი და განხორციელების მექანიზმები აქვს ოპოზიციას. ამის გამოყენება შეუძლია ხელისუფლებას სოციალურად დაუცველების წინააღმდეგ, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მუშაობენ და რომელთაც ემუქრებიან ხოლმე სამსახურის დაკარგვით. ასე რომ, თუ „ქართული ოცნება“ თავის თავს უწესებს, ასე ვთქვათ, შესაძლო სანქციას დარღვევებისთვის და ამით შეეცდება, რომ ეს დარღვევები თავიდან აიცილოს, კიბატონო. ჩვენ ამის წინააღმდეგ არ წავალთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძე ამბობს, რომ ვინაიდან პარლამენტი იწყებს საარჩევნო კანონპროექტის განხილვას, იმედი აქვს, ხელისუფლება თავის ინიციატივასთან ერთად განიხილავს სადავო უბნებზე ხმების გადათვლასთან დაკავშირებით ეკა ბესელიას ინიციატივასაც, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა აქვს.

„აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რაკიღა პარლამენტი იწყებს საარჩევნო კანონპროექტის განხილვას, ძალიან კარგი, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც მთელი ოპოზიცია მხარს უჭერს, რომელიც წარადგინა ქალბატონმა ეკა ბესელიამ. ეს არის სხვათაშორის არჩევნების თავისუფლად და დემოკრატიულად ჩატარების ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მოხდეს სადავო უბნებზე ხმების გადათვლა.

ასე რომ, მინდა, ვიქონიო იმედი, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, თავის ინიციატივასთან ერთად განიხილოს და მიიღოს ის ინიციატივა, რომელიც უკვე დევს პარლამენტში და აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტია უჭერს მხარს, რომელიც ამავდროულად თავის დროზე ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში იყო ასახული“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.