ნინო ბურჯანაძე - ინფორმაცია თუ აქვთ, რომ კრიმინალური და რევოლუციური შტაბი აპირებს ქვეყნის არევას, მე რას მიყვებიან, გააკეთონ ადეკვატური რეაგირება
ხელისუფლებას თუ აქვს ინფორმაცია რაიმე უკანონო მოქმედებებთან ან მოსალოდნელი არეულობის პროვოცირებასთან დაკავშირებით, იმოქმედოს, როგორც უნდა იმოქმედოს დემოკრატიული და ცივილიზებული სახელმწიფოს ხელისუფლებამ, – განაცხადა პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.
ის გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ „აიპიემისთვის“ დაკვეთილი კვლევა, სადაც ერთ-ერთ პასუხად მოქალაქეებს შეიარაღებული ძალის გამოყენებას სთავაზობენ, ყოველგვარი ჩარჩოებიდან გასვლად უნდა შეფასდეს.
„ინფორმაცია თუ აქვთ, რომ კრიმინალური და რევოლუციური შტაბია, რომელიც აპირებს ქვეყნის არევას და დაქცევას, მე რას მიყვება ამას და თქვენ რას გიყვებათ? ხელისუფლების წარმომადგენელია და ხელისუფლებამ გააკეთოს ადეკვატური რეაგირება, რას გვაშინებენ, რომ გამოყოფენ თავს სოროებიდან, დაიძახებენ რაღაცას და მერე ისევ შეძვრებიან. იმოქმედოს ხელისუფლებამ, ისე როგორც უნდა იმოქმედოს, თუ აქვთ ინფორმაცია რამე უკანონო მოქმედებების ან უკანონო მოქმედებების მომზადების თაობაზე, იმოქმედონ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.