ნინო ბურჯანაძე - იმედს ვიტოვებ, ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ უგუნურ ნაბიჯს, რომ დააკავოს პირველი ოპოზიციური პარტიის ლიდერი
ნინო ბურჯანაძე - იმედს ვიტოვებ, ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ უგუნურ ნაბიჯს, რომ დააკავოს პირველი ოპოზიციური პარტიის ლიდერი

იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ უგუნურ ნაბიჯს, რომ დააკავოს პირველი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. თუ გადადგამს, ძალიან ძვირად დაუჯდება, როგორც მორალურად, ასევე პოლიტიკურად, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ნურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, მისი პარტია ნიკა მელიას გვერდით დაუდგება, რადგან უსამართლოდ არ დაისაჯოს.

„ნიკა ჩემი უმცროსი მეგობარია. ის უსამართლობას ებრძვის პრინციპულად, ვაჟკაცურად. შესაბამისად, ყველა იმ ქმედებაში, რაც იქნება საჭირო, რომ ხელისუფლებამ უსამართლოდ არ დაჩაგროს ქვეყნის მოქალაქე, ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მე და ჩემი თანაპარტიელები ვიქნებით ნიკა მელიას გვერდით. არ მაინტერესებს, ვინ რას ამბობს. საკმარისი გამოცდილება მაქვს და საკმარისად მუშაობს ჩემი ტვინი, რომ თვითონ განვსაზღვრო, ვინ ვის თამაშობს. ნიკა მელია არის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი ადამიანი ქართულ პოლიტიკაში, მას ვერავინ გადაადგმევინებს იმ ნაბიჯს, რომლისაც არ სჯერა. ახლა რისიც მას სჯერა, ეს არის სწორი. ის რომ ცდებოდეს, მე ჩემს აზრს ვეტყოდი ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 13 თებერვალს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.