ნინო ბურჯანაძე - „გირჩს“ უთქვამს, ვერ ვამტკიცებთ გაყალბებასო, აბა რას იძახდნენ თავიდან, გაყალბდაო
„გირჩის“ ერთ-ერთ წარმომადგენელს უთქვამს, თურმე ვერ ვამტკიცებთ, რომ გაყალბდა არჩევნები, ეს უბრალოდ უკვე უსინდისობაა, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„თუ არ ჰქონდათ მტკიცებულებები, რას იძახდნენ ყველა ეთერში გაყალბდა და არ შევდივართო? პირველ პერიოდში ხომ იძახდნენ გაყალბდა და არ შევდივართო და როდის იყვნენ ისინი გულწრფელები? როდის იყვნენ მართლები საკუთარი ამომრჩევლის წინაშე? როცა ამბობდნენ, რომ გაყალბდა, თუ როცა, ახლა იძახიან, რომ არ გაყალბდა. რას ნიშნავს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, მას თავად აქვს უამრავი მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბდა.
„მე მაქვს პირადად უამრავი მტკიცებულება გაყალბების, მათ შორის ეთერებით გადაცემული მოხეული ბიულეტენები, 300-ზე მეტი საჩივარი, რომელიც არ დაკმაყოფილდა, 1000-ზე მეტი საჩივარი ნაციონალურ მოძრაობას აქვს დაწერილი, რომელიც ასევე არ დაკმაყოფილდა. ჩვენი ორი ოფიციალური წარმომადგენელი ცესკო-ში საბურთალოზე დააპატიმრეს იმის გამო, რომ ისინი ისინი ამბობდნენ, მოგვეცით კანონით მონიჭებული უფლება, რომ ოქმების გადათვლას დავესწროთ. არ გადაათვლევინეს ოქმები, რასაც მერე სამი თვის შემდეგ გვპირდებოდა „ქართული ოცნება“, მოდით, ახლა გადავთვალოთო. იმ დღეს ის ადამიანები,რ რატომ დააპატიმრეს, მთელი ღამე გავატარეთ საბურთალოს პოლიციასთან. შეეშინდათ და არ დაასწრეს ეს ადამიანები, რადგან აყალბებდნენ. ახლა საუბარი იმაზე, თურმე ოპოზიციას არ აქვს არგუმენტები, არ აქვს მტკიცებულებები, ეს არის უსინდისობა.” , – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.