ნინო ბურჯანაძე გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშს კატეგორიულად არ ეთანხმება
ნინო ბურჯანაძე გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშს კატეგორიულად არ ეთანხმება

ჰუბერტ ქნირშს კატეგორიულად არ ვეთანხმები, – ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშის განცხადებას.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოში აშკარაა საფრთხე, პარტიებმა თავი პირველ ადგილზე დააყენონ. ეს ნათელია, როდესაც კენჭს იყრიან პარლამენტში, მაგრამ არ იღებენ პასუხისმგებლობის ტვირთს.

„ძალიან ვწუხვარ ბატონი ქნირშის ამ განცხადების გამო, მას კატეგორიულად არ ვეთანხმები და კარგი იქნებოდა, მოეწოდებინა ხელისუფლებისათვის, რომელმაც საკუთარი თავი დააყენა ქვეყანაზე მაღლა და ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ვითარება ლუდოვიკო მეთოთხმეტესავით – სახელმწიფო ეს მე ვარ. ძალიან მიკვირს, თუ ამას ბატონი ქნირში ვერ ხედავს. ეს ძალიან სამწუხაროა. ხოლო თუ ხედავს და არ ამბობს, არამედ მხოლოდ ოპოზიციური პარტიებისკენ იშვერს ხელს, ეს კიდევ სრულიად გაუგებარია. არც ერთ ოპოზიციურ პარტიას თავისი პარტიული ინტერესი არ დაუყენებია მაღლა და თითოეული ჩვენგანი გარკვეულწილად დავზარალდით კიდეც იმ ერთობით, ყოველ შემთხვევაში რაღაც ეტაპზე, და შეიძლება ნაწილობრივ ახლაც ნარჩუნდება ეს დაზარალება. მაგრამ რას ვითხოვთ, ძალიან მაინტერესებს, ვადამდელ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს“,  – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მიაღწევენ, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.

„ექნება, ამაში ვარ დარწმუნებული, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეს ძალიან კარგად ვიცი და იცი რა, ბატონ ქნირშს და მის კოლეგებს თავის დროზე რომ მოეწოდებინათ და კატეგორიულად ეთქვათ, გაყალბება ხელისუფლებას არ შერჩებოდა, შესაძლოა, საქმე აქამდე არ მისულიყო“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში აშკარაა საფრთხე, რომ პარტიებმა თავი პირველ ადგილზე დააყენონ. ეს ნათელია, როდესაც კენჭს იყრიან პარლამენტში, მაგრამ არ იღებენ პასუხისმგებლობის ტვირთს.

„დღეს საქართველოში აშკარაა საფრთხე, რომ პარტიებმა თავი პირველ ადგილზე დააყენონ. ეს ნათელია იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი კენჭს იყრიან პარლამენტში, მაგრამ არ იღებენ პასუხისმგებლობის უღელს. ამასთან, ზოგადად, პარტიები ხშირად მისდევენ პოლიტიკის გააზრებას, რომლის დროსაც მეორე მხარესთან ბრძოლა საზოგადოების მსახურებაზე წინ დგას. თუ ეს არ შეჩერდება, ეს იქნება ბრძოლა გემზე, რომელიც იძირება. მე ამას ვამბობ, როგორც გარე დამკვირვებელი, მაგრამ ეს ჩვენ გარეშეც იცით. დემოკრატია არ არის ის, რასაც აკეთებ ევროკავშირის ან შეერთებული შტატების მოსაწონებლად. არც კრემლში ხალხის გასაღიზიანებლად. თქვენ ამას აკეთებთ საკუთარი კეთილდღეობისთვის, როგორც ერი – და იმიტომ, რომ თქვენ დავალებული ხართ მისი ისტორიის წინაშე. მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, მოვისმინო მეტი ბოლო ასწლეულის კვლევებთან დაკავშირებით. მე მივესალმები, რომ თსუ-მ, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტმა გააძლიერა კვლევები საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.