ნინო ბურჯანაძე - გადაწყვეტილებას იმის მიხედვით ვიღებთ, რას მოითხოვს ჩვენგან ხალხი და არა, რას გვიკარნახებენ, თუნდაც ჩვენი საუკეთესო მეგობრები
ნინო ბურჯანაძე - გადაწყვეტილებას იმის მიხედვით ვიღებთ, რას მოითხოვს ჩვენგან ხალხი და არა, რას გვიკარნახებენ, თუნდაც ჩვენი საუკეთესო მეგობრები

ასეთი მასშტაბის რომ არ ყოფილიყო გაყალბება და ოდნავ შეცვლილიყო შედეგები, არც ეს არის მისაღები, მაგრამ ამაზე შეიძლებოდა თვალის დახუჭვა და პარლამენტში მუშაობის დაწყება, მაგრამ იმდენად დიდი არის გაყალბების მასშტაბი, რომ რადიკალურად არის შეცვლილი პარლამენტის კომპოზიცია, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ახლა ოპოზიცია უკან დაიხევს, საქართველოში არჩევნებს აზრი აღარ ექნება.

„ზოგადად, ასეთი მასშტაბის რომ არ ყოფილიყო გაყალბება და ოდნავ შეცვლილიყო შედეგები, არც ეს არის მისაღები, მაგრამ ამაზე შეიძლებოდა თვალის დახუჭვა და პარლამენტში მუშაობის დაწყება, მაგრამ იმდენად დიდი არის გაყალბების მასშტაბი, რომ რადიკალურად არის შეცვლილი პარლამენტის კომპოზიცია. ასე რომ, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არჩევნებს აზრი აღარ ექნება, თუ ახლა ოპოზიცია უკან დაიხევს, ამაზე კი ვერც ქართული ოპოზიცია და ვერც ის ათი ათასობით ადამიანი, რომელიც პროსტესტს გამოხატავს, ნამდვილად ვერ წავა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ მათი მხრიდან პოზიცია შეიცვლება, რადგან ბურჯანაძის თქმით, შეუძლებელია, დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკური პარტიები არალეგიტიმურ პარლამენტში მუშაობას დათანხმდნენ. ასევე, ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ერთობა არ დაირღვევა.

„ჩვენ დავარწმუნებთ ჩვენს მეგობრებს, რომ ჩვენი არგუმენტები არის სწორი. თუ ეს არგუმენტები მათთვის მისაღები არ იქნება, ამის მიუხედავად, ქართული ოპოზიცია მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც თავად მიაჩნია სწორად. სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან იმართება შეხვედრა. როდესაც პირისპირ ხდება შეხვედრა და როდესაც ადამიანები დაინახავენ, როგორ ქურდობასთან და სიყალბესთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მათი პოზიცია შეიცვლება, რადგან შეუძლებელია, დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკური პარტიები დათანხმდნენ არალეგიტიმურ პარლამენტში მუშაობას, ასეთ შემთხვევაში, ისინი თავად დაკარგავენ ლეგიტიმაციას, ილაპარაკონ ხალხის სახელით.

დარწმუნებული ვარ ოპოზიციური ერთობა არ დაირღვევა, ჩვენ ჩვენი მეგობრების ყველა ანგარიშს ვუწევთ აზრს, სწორედ ამიტომ არის, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ მათ, მაგრამ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკოსები და ვიღებთ გადაწყვეტილებას იქედან გამომდინარე, რას მოითხოვს ჩვენგან ჩვენი ხალხი და არა იქიდან გამომდინარე, რას გვიკარნახებენ, თუნდაც ჩვენი საუკეთესო მეგობრები.

კითხვა მაქვს, როცა გვეუნბებიან, შედით პარლამეენტში, რომ წარმოადგინოთ თქვენი ამომრჩეველი და ჩემმა ამომრჩეველმა რა ქნას, რომელმაც ნამდვილად იმდენი ხმა მომცა, რომ არა თუ შევდიოდი, არამედ გაცილებით მეტი მანდატი მქონდა“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

თბილისში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა ბრიფინგზე, დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრეს და ოპოზიციას მოუწოდეს, შევიდნენ პარლამენტში, გაატარონ ის საარჩევნო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი.