ნინო ბურჯანაძე - დღეს „გირჩს“ მოუწია იმ პოლიტიკური ფასის გადახდა, რაც მათი გაუგებარი ქმედების გამო, სწორი იყო
ნინო ბურჯანაძე - დღეს „გირჩს“ მოუწია იმ პოლიტიკური ფასის გადახდა, რაც მათი გაუგებარი ქმედების გამო, სწორი იყო

მე არ მაინტერესებს, ვინ რას ამბობს. საკმარისი გამოცდილება მაქვს და საკმარისად მუშაობს ჩემი ტვინი იმისთვის, რომ თვითონ განვსაზღვრო, ვინ ვის თამაშს თამაშობს, თუ არ თამაშობს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრ იაგო ხვიჩიას დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ხალხმა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია შეკრებილი, ფაქტობრივად, ერთხმად დაუდასტურათ, რომ მიშას თამაშს თამაშობენ“.

ბურჯანაძის თქმით, „გირჩს“ მოუწია იმ პოლიტიკური ფასის გადახდა, რაც მათი გაუგებარი პოლიტიკური ქმედების გამო, გამართლებული და სწორი იყო.

„მე არ მაინტერესებს, ვინ რას ამბობს. საკმარისი გამოცდილება მაქვს და საკმარისად მუშაობს ჩემი ტვინი იმისთვის, რომ მე თვითონ განვსაზღვრო, ვინ ვის თამაშს თამაშობს, თუ არ თამაშობს. ყველა ნაბიჯს, როგორც ადამიანის პირად ცხოვრებაში, ასევე პოლიტიკაში, აქვს თავისი ფასი. დღეს, სამწუხაროდ, „გირჩს“ მოუწია იმ პოლიტიკური ფასის გადახდა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, მათი გაუგებარი პოლიტიკური ქმედების გამო, პოლიტიკურად გამართლებული, სწორი იყო.

ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თუ დგახარ რაღაც პოზიციაზე, ეს უნდა იყოს შენი პრინციპული პოზიცია. თუ ამ პოზიციას იცვლი და გაქვს არგუმენტი, რატომ იცვლი, ამიტომ უნდა ელოდო შესაბამის რეაგირებას. არ მინდა ამაზე მეტი საუბარი, გაცილებით მნიშვნელოვანია ის ერთობა, რომელიც აქვს ოპოზიციას, გაცილებით მნიშვმელოვანია ის გეგმები, რომელიც გვაქვს“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ხალხმა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია შეკრებილი, ფაქტობრივად, ერთხმად დაუდასტურათ, რომ მიშას თამაშს თამაშობენ“.

ხვიჩიას თქმით, შეხვედრაზე მხოლოდ სამი საკითხის განხილვა სურდათ.

„კახა კუკავამ მითხრა, გვაცალეთ, მიშას თამაშით თამაშიო, მაგრამ განწყობა იყო ზოგადად ეს, სადაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მიშას თამაშში ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ გვქონდა სამი საკითხი, რომლის განხილვა გვინდოდა, მსჯელობა თუ დაიწყებოდა, ეს საკითხები იყო სამართლიანი. ფაქტობრივად, გვითხრეს, რომ გადადიან სხვა „მოუდზე“, – განმარტა იაგო ხვიჩიამ, რომელმაც ოპოზიციის შეხვედრა თანაგუნდელებთან ერთად დატოვა.