ნინო ბურჯანაძე - ალბათ, აქციის ორგანიზატორებმა ბოლომდე ვერ განსაზღვრეს მომსვლელი ადამიანების რაოდენობა, გამოვრიცხავ, რომ ვინმეს შეგნებულად უნდოდეს პანდემიის გავრცელება
ნინო ბურჯანაძე - ალბათ, აქციის ორგანიზატორებმა ბოლომდე ვერ განსაზღვრეს მომსვლელი ადამიანების რაოდენობა, გამოვრიცხავ, რომ ვინმეს შეგნებულად უნდოდეს პანდემიის გავრცელება

ალბათ, აქციის ორგანიზატორებმა ბოლომდე ვერ განსაზღვრეს მომსვლელი ადამიანების რაოდენობა, გამოვრიცხავ, რომ ვინმეს შეგნებულად უნდოდეს პანდემიის გავრცელება, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ბათუმში ეპიდაფეთქების შემთხვევაში პასუხისმგებლობა „ნაციონალურ მოძრაობას“ დაეკისრება თუ არა, ბურჯანაძემ უპასუხა, რომ „ვიდრე ხელისუფლება სხვის პასუხისმგებლობაზე ილაპარაკებს, იქნებ ჯერ საკუთარი გაუჩნდეს“.

„ვფიქრობ, ორგანიზატორებმა ალბათ, ბოლომდე ვერ განსაზღვრეს მომსვლელი ადამიანების რაოდენობა. ალბათ, იმაზე მეტი მივიდა, ვიდრე ისინი ელოდნენ. გამოვრიცხავ, რომ ვინმეს შეგნებულად უნდოდეს პანდემიის გავრცელება. უბრალოდ გუშინდელი დღე მაგალითია იმისა, რომ ყველა ფრთხილად ვიყოთ და შევეცადოთ, იმაზე მეტი ადამიანების შეკრება არ მოხდეს, ვიდრე წესების დაცვას შევძლებთ.

ამის წინ რომ ბათუმში ეპიდაფეთქება იყო, ვისი პასუხისმგებლობა იყო? მაშინაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო? რატომ არ გააკეთა ხელისუფლებამ არაფერი, რათა საკურორტო სეზონის დროს ბათუმში დაცული ყოფილიყო წესები, ელემენტარული შეზღუდვები. ვიდრე სხვის პასუხისმგებლობაზე ილაპარაკებს ხელისუფლება, პირველ რიგში, იქნებ საკუთარი პასუხისმგებლობის გრძნობაც გაუჩნდეს და გაიხსენოს ზოგადად, რომ ხელისუფლებაა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.