ნეილ ფარაქი – ჩემი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, საქართველოს ეკონომიკური წარმატების, ცენტრალური აზიისთვის მზარდი მნიშვნელობის ისტორია ბევრად ფართოდ გაჟღერდეს, ეს მართლაც გამორჩეული ისტორიაა

14:03, 22.07.2026

ჩემი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, საქართველოს ეკონომიკური წარმატების ისტორია, ასევე, ცენტრალური აზიისთვის საქართველოს მზარდი მნიშვნელობის ისტორია ბევრად ფართოდ გაჟღერდეს, განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოებისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სინგაპურსა და აზიის სხვა ქვეყნებში, – ამის შესახებ Global Foundries-ის თავმჯდომარის მოადგილემ, ნეილ ფარაქმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი მსგავსებაა სინგაპურის განვითარების გზასა და იმ პროცესს შორის, რომელსაც საქართველო დღეს გადის.

„ჩემი აზრით, ის, რაც თქვა პრემიერ-მინისტრმა, ისევე როგორც ეკონომიკის მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ, შესანიშნავად წარმოაჩენს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში მიაღწია. ჩემი შეხედულებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბევრმა ადამიანმა არ იცის იმ წარმატებული განვითარების შესახებ, რომელიც საქართველოში განხორციელდა. ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც გავაკეთებდი, არის, რომ საქართველოს ეკონომიკური წარმატების ისტორია, ადამიანური კაპიტალის განვითარების წარმატების ისტორია, ასევე, ცენტრალური აზიისთვის საქართველოს მზარდი მნიშვნელობის ისტორია ბევრად უფრო ფართოდ გაჟღერდეს, განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოებისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სინგაპურსა და აზიის სხვა ქვეყნებში. ეს მართლაც გამორჩეული ისტორიაა. როგორც საუბრის დროსაც აღვნიშნე, უამრავ მსგავსებას ვხედავ ბოლო 50 წლის განმავლობაში სინგაპურის განვითარების გზასა და იმ პროცესს შორის, რომელსაც საქართველო დღეს გადის. ჩემი აზრით, ესენი არიან მცირე ქვეყნები, რომლებიც გაცილებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ვიდრე მათი ზომიდან შეიძლება ვივარაუდოთ. ამიტომ ვფიქრობ, ნიჭისა და ადამიანური რესურსების განვითარების, ასევე, ორ იურისდიქციას შორის კულტურათაშორისი თანამშრომლობისა და ურთიერთგადამზადების (cross-training) მიმართულებით არსებული პოტენციალი მართლაც გამორჩეულია“, – აღნიშნა ნეილ ფარაქმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში იმყოფება. პრემიერ-მინისტრი სინგაპურში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

მსგავსი