ნიკუშორ დანი - რუმინეთი მხარს უჭერს დასავლელი პარტნიორებისთვის მრავალფეროვანი მხარდაჭერის გაწევას, თუმცა კონტინგენტში რუმინელი სამხედროების მონაწილეობის წინააღმდეგია
რუმინეთი მხარს უჭერს დასავლელი პარტნიორებისთვის მრავალფეროვანი მხარდაჭერის გაწევას, თუმცა კონტინგენტში რუმინელი სამხედროების მონაწილეობის წინააღმდეგია, – ამის შესახებ რუმინეთის არჩეული პრეზიდენტი ნიკუშორ დანი აცხადებს.
„რაც შეეხება რუმინეთის ტერიტორიაზე მხარდაჭერას – დიახ. რაც შეეხება კონტინგენტში მონაწილეობას, რომელიც უკრაინაში მშვიდობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს – არა. ვფიქრობ, ეს არ იქნებოდა სწორი რუმინეთსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბულობის გამო“, – აღნიშნა დანმა.
რუმინეთის არჩეული პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ყველაფერი, რაც უკრაინას ეხება, უნდა გადაწყდეს და შეთანხმდეს თავად უკრაინის მიერ“. მისივე თქმით“, არ არის ოპტიმისტურად განწყობილი“ უახლოეს პერსპექტივაში რაიმე სახის მშვიდობის მიღწევის შანსების მიმართ, მაგრამ დადებითად გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ევროპის ქვეყნებმა გააერთიანეს ძალისხმევა და გადაწყვიტეს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება.
შეგახსენებთ, რუმინეთში 18 მაისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა ბუქარესტის მერმა, ნიკუშორ დანმა. შედეგების მიხედვით, ნიკუშორ დანმა ხმების 54,34 პროცენტი მიიღო, ხოლო ულტრამემარჯვენე ფრთის ლიდერმა, ჯორჯე სიმიონმა – 45,66 პროცენტი.