ნიკუ პოპესკუ - მოლდოვამ და საქართველომ უნდა შეინარჩუნონ ურთიერთობათა ის დინამიკა, რომელიც დღეს გვაქვს
ნიკუ პოპესკუ - მოლდოვამ და საქართველომ უნდა შეინარჩუნონ ურთიერთობათა ის დინამიკა, რომელიც დღეს გვაქვს

ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები იმ რეკომენდაციების შესახებ, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შევასრულოთ. ცხადია, განვიხილეთ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებიც, – ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პოპესკუს თქმით, საქართველომ და მოლდოვამ უნდა შეინარჩუნონ ის ურთიერთობები, რაც დღეს აქვთ.

მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. დღემდე ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრის შესაძლებლობა. შევხვდით ნიუ-იორკში, პრაღაში, ასევე ლუქსემბურგში, სადაც მოხდა ჩვენი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებული განცხადებების შეფასება. მოხარული ვარ, რომ დღეს პირადად ვხვდები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს საერთო, ვინაიდან ახლა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ომი მიმდინარეობს. ჩვენ ვგმობთ ამ საშინელ ომს. მიმდინარე ომი ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს მეზობელ სახელმწიფოებში. ჩვენი ქვეყანა, მოლდოვის რესპუბლიკა, განსაკუთრებით დაზარალდა. გუშინ ძალიან მძიმე ვითარება გვქონდა, ვინაიდან უკრაინაში განხორციელებული დაბომბვის შედეგად, მოლდოვაში ელექტრომომარაგება შეწყდა. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ომი უკრაინაში გავლენას ახდენს მოლდოვის თითოეულ მოქალაქეზე. როცა ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგს განვიხილავთ, მოვიაზრებთ იმ მრავალრიცხოვან შეხვედრებს, როლებიც ჩვენ შორის შედგა. სულ გვქონდა 30 ასეთი შეხვედრა. ამ მნიშვნელოვან შეხვედრებს შორის აღსანიშნავია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ბოლოდროინდელი ვიზიტი კიშინეუში. ამ ვიზიტის ერთ-ერთი დამსახურება იყო ის, რომ კიშინეუ-თბილისის მიმართულებით ოპერირება დაიწყო ახალმა ავიახაზებმა. ეს ფაქტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს კავშირს, როგორც ეკონომიკის, ისე ბიზნესისა და ტურიზმის მიმართულებებით“, – განაცხადა პოპესკუმ.

ნიკუ პოპესკუს განცხადებით, საქართველო და მოლდოვა საერთაშორისო ასპარეზზე სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობენ.

„ჩვენი ქვეყნების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სეპარატიზმი წარმოადგენს. გარდა ამისა, არის საკითხები, რომლებზეც სხვადასხვა ფორმით ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ასპარეზზე. რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანას აქვს შესაძლებლობა მოემზადოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად და ამ კუთხით გვაქვს კარგი თანამშრომლობა. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები იმ რეკომენდაციების შესახებ, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შევასრულოთ. ცხადია, განვიხილეთ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებიც. გაზაფხულზე დაგეგმილია ფორუმი ბიზნესწრეების მონაწილეობით. ფორუმის ფარგლებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა საკითხის ირგვლივ ითანამშრომლებენ. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობებს როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ დონეზე. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ურთიერთობათა ის დინამიკა, რომელიც გვაქვს. ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს ბუქარესტში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, რის შემდეგაც პოლონეთში გაიმართება ეუთოს მინისტერიალი. ასე რომ, არსებობს უამრავი შესაძლებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად“, – განაცხადა პოპესკუმ.