ნიკოლოზ სიმონიშვილი - ხელისუფლებამ ძირეული რეფორმების გატარების პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ოპოზიცია კი უნდა შევიდეს პარლამენტში
ნიკოლოზ სიმონიშვილი - ხელისუფლებამ ძირეული რეფორმების გატარების პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ოპოზიცია კი უნდა შევიდეს პარლამენტში

დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა იმას, რომ აუცილებელია, პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიონ გარკვეულ კომპრომისებს და ამ კომპრომისებს უნდა მოჰყვეს შედეგად კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გავავრცელეთ განცხადება გუშინ და ამ განცხადებასთან დაკავშირებით წარვუდგინეთ ჩვენი მოსაზრებები ბატონ დანიელსონს. მივაწოდეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ამ რეფორმების განხორციელება, რომლებიც საბოლოოდ მიგვიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლამდე. პოლიტიკური კრიზისი ამ ქვეყანაში არ დაწყებულა ამ არჩევნების შემდეგ, მანამდეც იყო. პოლიტიკური კრიზისი არის იმის გამო, რომ ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს ისეთი დემოკრატიული ინსტიტუციები, რომლებიც მუშაობენ დამოუკიდებლად. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ამ დემოკრატიული ინსტიტუციების დამოუკიდებლობისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები და შემდგომ ვისაუბრებთ უკვე ნორმალურ პოლიტიკურ პროცესებზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა ამ დღეების განმავლობაში ისაუბრონ, დაახლოვონ პოზიციები და იყოს საუბარი გარკვეულ კომპრომისებთან დაკავშირებით, რადგან კომპრომისების გარეშე ვერ შედგება კონსენსუსი და ვერ მიიღწევა ის შეთანხმება, რომელიც ჩვენ ქვეყანას სჭირდება კრიზისიდან გამოსასვლელად“,- განაცხადა სიმონიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ძირეული რეფორმები განხორციელდეს. როგორც საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რეფორმების გასატარებლად ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.

„ძირეულ რეფორმებზეა საუბარი და არა ისეთ რეფორმებზე, როგორიც მაგალითად ხვალ იხილება პარლამენტში, ეს არის მხოლოდ ფასადური ცვლილება და მეტი არაფერი, ეს არ არის საკმარისი ცვლილება. უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ აიღოს ხელისუფლებამ ამ რეფორმების გატარების პასუხისმგებლობა. ოპოზიცია კი უნდა შევიდეს პარლამენტში იმისთვის, რომ ეს რეფორმები გატარდეს. სამართლებრივადაც კი შეუძლებელია ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ამ რეფორმების განხორციელება. შესაბამისად, ერთია, რომ ცვლილებები განხორციელდება და მეორე არის, რომ მათი სრული იმპლემენტაცია მოხდეს. აქაც ოპოზიციის მონაწილეობა არის აუცილებელი. როდესაც ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების კონსენსუსზე დაფუძნებით მიღებაზე, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ოპოზიცია ამ საკითხებში მონაწილეობდეს. პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას და ეს ვალდებულება უნდა აიღოს თავის თავზე და შემდგომ ოპოზიციამ პარლამენტში შესვლით მონაწილეობა უნდა მიიღოს ამ პროცესებში. სწორედ იმ საკითხების გათვალისწინებით, რომლებზეც ჩვენ გვქონდა განცხადებაში საუბარი“,- განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა.