ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ესპანური ძიუდოს ისტორია გადაწერა - მეხუთე დღის შეჯამება | ძიუდო - მსოფლიოს ჩემპიონატი
ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ესპანური ძიუდოს ისტორია გადაწერა - მეხუთე დღის შეჯამება | ძიუდო - მსოფლიოს ჩემპიონატი

გიორგი ზანთარაიას (უკრაინა), ვედატ ალბაირაქის – იგივე ვანო რევაზიშვილის (თურქეთი) და რობერტ მშვიდობაძის (რუსეთი) შემდეგ, ესპანეთის სახელით მოასპარეზე – ნიკოლოზ შერაზადიშვილი, მეოთხე ქართველი გახდა, რომელმაც მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი სხვა ქვეყანას მოუტანა.

22 წლის ნიკოლოზმა, ფინალურ ბლოკამდე, ოთხიდან სამი შეხვედრა ვადამდე დაასრულა. ნახევარფინალში მისი მეტოქე, 2014 წლის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი უნგრელი – კრისტიან ტოტი იყო. ძირითად დროში შერაზადიშვილმა უნგრელს ორი შიდო მიაღებინა. დამატებითის მესამე წუთზე კი გამარჯვების მომტანი ვაზაარი შეასრულა და კარიერაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი გაინაღდა.

ქართული ძიუდოს სკოლის აღზრდილ შერაზადიშვილს, გადამწყვეტ შეხვედრაში მეტოქედ კუბელი – ივან ფელიპე სილვა მორალესი ერგო. კუბელი დებიუტში ვაზაარით დაწინაურდა. ორთაბრძოლის ძირითადი დროის დასრულებამდე 40 წამით ადრე კი ნიკამ ანგარიშის გათანაბრება და შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანა შეძლო. ოქროს ქულის ასაღებად სპორტსმენებს 2 წუთი და 20 წამი დასჭირდათ, ამ დროს კი ეფექტური გდებით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული – ნიკოლოზ შერაზადიშვილიმა მოიპოვა.

ესპანელებს აქამდე ორი მსოფლიოს ჩემპიონი ყავდათ და ორივე ქალებში. მამაკაცთა შორის კი საუკეთესო შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი იყო (ხუაკინ რუისი 1991, ბარსელონა; სიგოი ურიარტე 2009, როტერდამი). შედეგად, ნიკოლოზ შერაზადიშვილი პირველი მამაკაცი ძიუდოისტია, რომელმაც ესპანეთს მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი მოუტანა.

საბოლოოდ ამ წონაში მედლები ასე გადანაწილდა

90 კგ.

  1. ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)
  2. ივან ფელიპე სილვა მორალესი (კუბა)
  3. კენტა ნაგასავა (იაპონია ) – აქსელ კლერჟე (საფრანგეთი)

მოვლენები საინტერესოდ განვითარდა ქალთა 70 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც. სადაც იაპონელთა ჰეგემონია ისევ გრძელდება. ამ წონაში, ამომავალი მზის ქვეყანას ორი წარმომადგენელი ჰყავდა და დღესაც ორივე მათგანი კვარცხლბეკზე ავიდა. ჯამში კი მიმდინარე ტურნირზე უკვე გამოსული 13 იაპონელიდან, ცამეტივე მედალს დაეუფლა ( 5- ოქრო, 5 – ვერცხლი, 3 – ბრინჯაო).

ფინალურ შეხევედრამდე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი – ჩიზურუ არაი სამი იპონითა და ერთი ვაზაარით მივიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი, ფრანგ – მარი ივ გაისთან ვაზაარის აგებდა, მაგრამ მორიგი სიტუაცის შემოტრიალება, მორიგი იპონის შესრულება და შესაბამისად ტიტულის შენარჩუნება შეძლო.

ჩემპიონ თანამემაულეს, მხარი აუბა და ამ წონითი კატეგორიის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა – იოკო ონო. მეორე ბრინჯაო კი კოლუმბიელ – იურა ალვერას ერგო.

70 კგ.

  1. ჩიზურუ არაი (იაპონია)
  2. მარი ივ გაი (საფრანგეთი)
  3. იოკო ონო (იაპონია) – იური ალვერი (კოლუმბია)

შეგახსენებთ, რომ 90 კგ. წონით კატეგორიაში ორი ქართველი – ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი ასპარეზობდნენ. ღვინიაშვილი პირველივე წრეში, ედუარდ ტრიპელთან გამოეთიშა ასპარეზობას. რაც შეეხება მარგიანს, მან მერვედფინალში ბრინჯაოს მედალოსან ნაგასავასთან წააგო.

სულ კი, სამი დღის შემდეგ, მედლების საერთო რაოდენობით ასეთი მდგომარეობაა –

ოქრო – იაპონია – 5, უკრაინა, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, ირანი, ესპანეთი.

ვერცხლი – იაპონია – 5, რუსეთი, ყაზახეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, კუბა.

ბრინჯაო – იაპონია – 3, საფრანგეთი -2, არგენტინა, ყაზახეთი, ბრაზილია, კანადა, მონღოლეთი, საქართველო, უკრაინა, სამხრეთ კორეა, ირანი, აზერბაიჯანი, სლოვენია, ჰოლანდია, გერმანია, კოლუმბია.