ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვენიელ მკვლევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საჯარო დისკუსია გამართა
ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვენიელ მკვლევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საჯარო დისკუსია გამართა

სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სლოვენიის წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციის, „ევროპული პერსპექტივის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში, რომელიც შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაში საქართველოს როლს ეძღვნებოდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ მიმოიხილა შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს მნიშვნელობა, როგორც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშემწყობი ქვეყნის, ასევე ნატო-ს გაფართოების საკითხი.

„უკრაინაში მიმდინარე რუსულმა აგრესიამ შეცვალა არსებული უსაფრთხოების გარემო, რამაც შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონების მნიშვნელობა უფრო გაზარდა. ამ პროცესში საქართველოს აქვს უნიკალური როლი, ერთი მხრივ, დაეხმაროს ევროპას რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებასა და ალტერნატიული გზების მოძიებაში, ხოლო მეორე მხრივ, სამხრეთ კავკასიის რეგიონში შეასრულოს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშემწყობი ქვეყნის ფუნქცია. ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების დარეგულირებაში საქართველოს ჩართულობასა და მედიაციას. ასევე, მნიშვნელოვანია ნატო-ს გაფართოება სწორედ საქართველოს გაწევრიანებით, რაც რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიებს უფრო განამტკიცებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

აღნიშნულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სლოვენიელმა მკვლევრებმა, სლოვენიაში აკრედიტებულმა ელჩებმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკაში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ლევან ქარუმიძე, გრიგოლ ვაშაძე და საქართველო-სლოვენიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვიქტორ სანიკიძე.