ნიკოლოზ სამხარაძე - ვიმედოვნებ, მომავალი სესიიდან ადამიანები, რომლებიც წელიწად-ნახევარი არ იქცეოდნენ სწორად, შეიცვლიან ნირს და დაგვეხმარებიან, რომ შევასრულოთ ცხრა ნაბიჯი
ნიკოლოზ სამხარაძე - ვიმედოვნებ, მომავალი სესიიდან ადამიანები, რომლებიც წელიწად-ნახევარი არ იქცეოდნენ სწორად, შეიცვლიან ნირს და დაგვეხმარებიან, რომ შევასრულოთ ცხრა ნაბიჯი

მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ მომავალი სესიიდან ადამიანები, რომლებიც  წელიწად-ნახევარი არ იქცეოდნენ სწორად და არ იყვნენ გულწრფელები სახელმწიფოს მიმართ, შეიცვლიან ნირს  და დაგვეხმარებიან. თუ არ დაგვეხმარებიან, ხელს არ შეგვიშლიან, რომ შევასრულოთ ცხრა ნაბიჯი და მომავალი წლის ბოლოდან დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, გუშინ გაიმართა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა და დამტკიცდა სამოქმედო გეგმა, რომელიც იქნება  მთავარი გზამკვლევი მომავალი 10-11 თვის განმავლობაში.

„ამ გეგმის დიდი ნაწილი არის მთავრობის შესასრულებელი, თუმცა ის საკანონმდებლო მიმართულებები, რომლებიც  ჯერ კიდევ დარჩენილია, არის პარლამენტის შესასრულებელი. მომავალი სესიიდან აქტიურად უნდა ჩავერთოთ ამ საქმიანობაში. მას შემდეგ, რაც  2022 წლის 3 მარტს შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე, არაერთი დაბრკოლება და სიძნელე გამოვიარეთ, მათ შორის, არა მხოლოდ კონკრეტული გადაწყვეტილებების გამო, არამედ ძირითადად იმ მიდგომის გამო, რაც ქვეყნის შიგნით იყო ჩვენს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ვგულისხმობ მუდმივ დეზინფორმაციას და მუდმივად ხელშეშლას,“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ 14-15 დეკემბერს საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„არცერთი ქვეყანა არ გვეგულება, რომელმაც შეიძლება, საქართველოს წინააღმდეგ ხმა მისცეს. ამის შემდეგ ჩვენი გზა კიდევ უფრო გართულდება. კიდევ უფრო მეტი რეგულაცია გვექნება მისაღები, კიდევ უფრო მეტი დირექტივა იქნება გადმოსატანი, კიდევ უფრო მეტი რეფორმა გვექნება განსახორციელებელი“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი მოსაზრებით, თუ მოქმედი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებასთან ერთად არ იმოქმედებენ, წარმოუდგენელი იქნება ამ გზაზე წარმატების მიღწევა.

„მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ გასული წელიწად-ნახევარი იქნება ყველასთვის ცუდი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანას ხელი შეუშალო და არ წაეხმარო ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.