ნიკოლოზ სამხარაძე - უტიფრობაა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საუბრობენ ციხეში არსებულ ვითარებაზე, 2012 და 2021 წლებს შორის ცა და დედამიწაა
ნიკოლოზ სამხარაძე - უტიფრობაა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საუბრობენ ციხეში არსებულ ვითარებაზე, 2012 და 2021 წლებს შორის ცა და დედამიწაა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არც ერთ ქვეყანას არ აქვს.

ნიკოლოზ სამხარაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საერთაშორისო თანამეგობრობის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიმართვას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს უცხო ქვეყნებისგან ჩარევას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მაშინ მათი მოთხოვნა უკვე არის ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა.

„ეს განცხადება არ მინახავს, მაგრამ თუ ვინმე ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ითხოვს, ეს უკანონოა. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მის შიდა საქმეებში არავინ ჩაერევა. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ეს იქნება მეგობრებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, თუ პარტნიორი ქვეყნებისგან, თუ ეს რეკომენდაციები არის თანხვედრაში ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, კანონის უზენაესობასთან და სამართლთან, ამ რეკომენდაციებს ყოველთვის ვიღებთ და ვახორციელებთ.

დასავლელი პარტნიორები ძალიან ფართო ცნებაა, ვინ არიან დასავლელი პარტნიორები? – კონკრეტულ ქვეყნებს გულისხმობთ, საერთაშორისო ორგანიზაციებს, თუ ყველას? ყველა დასავლელი პარტნიორისგან არ არის ყოველთვის ისეთი რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება, მივიღოთ. მაგალითად, არიან ევროპარლამენტარები, რომელთა რეკომენდაციებსაც ჩვენ არ მივიღებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ არ არის თანხვედრაში ჩვენს კანონის უზენაესობასთან. უტიფრობაა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საუბრობენ ციხეში არსებულ ვითარებაზე. 2012 და 2021 წლებს შორის ციხეში არსებული ვითარება ცა და დედამიწაა. საქართველოში პენიტენციური რეფორმა ევროკავშირის მიერ შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი შთაგონების წყარო სხვა ქვეყნებისთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.