ნიკოლოზ სამხარაძე - უკრაინა პარტნიორებისგან ითხოვს მაღალტექნოლოგიურ იარაღს, მას არ აქვს იმ შეიარაღების ნაკლებობა, რაც საქართველოს გააჩნია
ნიკოლოზ სამხარაძე - უკრაინა პარტნიორებისგან ითხოვს მაღალტექნოლოგიურ იარაღს, მას არ აქვს იმ შეიარაღების ნაკლებობა, რაც საქართველოს გააჩნია

უკრაინას არ აქვს იმ შეიარაღების ნაკლებობა, რა შეიარაღებაც საქართველოს გააჩნია და შესაბამისად, უკრაინა თავისი პარტნიორებისგან ითხოვს არა ჯავშანჟილეტებს და ჩაფხუტებს, არამედ მაღალტექნოლოგიურ იარაღს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

სამხარაძემ უპასუხა წამყვანის შეკითხვას, რა არის ძირითადი არგუმენტი იმისა, რომ საქართველო უკრაინას სამხედრო ეკიპირებას, თუნდაც თავდაცვით ეკიპირებას, ჩაფხუტებს, ჯავშანჟილეტებს და ამ ტიპის შეიარაღების ნაწილს არ აძლევს, იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის, თუ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კეთდება პირდაპირი მინიშნებები, თუ საყვედურები, რომ საქართველოსგან უკრაინის მიმართ უფრო მეტ დახმარებას მოელიან.

„უკრაინა თავისი პარტნიორებისგან ითხოვს არა ჯავშანჟილეტებს და ჩაფხუტებს, არამედ მაღალტექნოლოგიურ იარაღს, თვითმფრინავებს, ანტისარაკეტო სისტემებს, საჰაერო თავდაცვას და ა.შ. ჩვენ ასეთი რამ, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია. რაც გაგვაჩნია, იმასაც თუ უკრაინას გადავცემთ, შესაბამისად, ჩვენი შეიარაღებული ძალები და თავდაცვის ძალები იმ მწირი შეიარაღების ფონზე, რაც გვაქვს, შეიარაღების გარეშე დარჩებიან. ეს ერთი არგუმენტი, მეორე არგუმენტი კი არის ის, რომ როდესაც შენ შეიარაღებას ოფიციალურად გადასცემ ომში მყოფ ქვეყანას, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ფორმით შენ ამ ომში ერთვები. ჩვენ გვახსოვს იგივე პოლონეთის მაგალითზე, როდესაც პოლონეთს უნდა გადაეცა თვითმფრინავები და რამხელა დისკუსია მოჰყვა ამას ნატო-ში. პოლონეთს არ უნდოდა პირდაპირ თვითმფრინავების გადაცემა. იმიტომ, რომ ეს არის თავდასხმითი იარაღი და შესაბამისად, იყო საუბარი იმაზე, რომ რამშტაინის ბაზაზე ნატო-ში ჩაეყვანათ და იქიდან გადაეცათ ეს იარაღი. თუ პოლონეთი, თითქმის 40-მილიონიანი ქვეყანა, რომელიც ნატო-ს წევრია, ფრთხილობს ასეთი ტიპის მოქმედებების განხორციელებას, რა ლოგიკაა იმაში, რომ ეს გააკეთოს საქართველომ, სამ მილიონნახევრიანმა ქვეყანამ, რომლის 20% ოკუპირებულია, რომელიც უსაფრთხოების არც ერთი ალიანსის წევრი არ არის, რომელსაც უსაფრთხოების ქოლგა არ აქვს და სადაც დედაქალაქიდან 30 კმ-ში რუსული ჯარები დგანან?!“, – განაცხადა სამხარაძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა ვერსიები განიხილება მმართველ გუნდში ასეთ შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან მყისიერი რეაგირება სამხედრო თვალსაზრისით, თუ ეკონომიკური ტიპის მოქმედებები, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ორივე შესაძლო სცენარი განიხილება.

„იქიდან გამომდინარე, რომ დღეს რუსეთი ჩართულია ფართომასშტაბიან სამხედრო ომში და მისი ყურადღება ძირითადად გადატანილია უკრაინაზე, ეს შეიძლება, არ იყოს მყისიერი სამხედრო აგრესია, თუმცა ამასაც ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ ის, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება საპასუხო ნაბიჯები და ეს საპასუხო ნაბიჯები საქართველოსთვის კარგის მომტანი არ იქნება, ამაზე, რა თქმა უნდა, არავინ ვდაობთ“, – განაცხადა სამხარაძემ.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, საქართველომ უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს პოლიტიკურ, საერთაშორისო არენაზე, ყველგან, ყველაფერში და ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებით, რასაც აკეთებს კიდეც.