ნიკოლოზ სამხარაძე - ტერორიზმის ინდექსში საქართველოს აქვს ე.წ. ნულოვანი მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ის შედის მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნების სიაში, სადაც ტერორიზმი არ არსებობს
ნიკოლოზ სამხარაძე - ტერორიზმის ინდექსში საქართველოს აქვს ე.წ. ნულოვანი მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ის შედის მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნების სიაში, სადაც ტერორიზმი არ არსებობს

როდესაც ჩვენ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს ვდგამთ და ოპოზიცია მუდმივად გვაკრიტიკებს ამ ნაბიჯებზე, კარგია, რომ გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ დავუბრუნდეთ ამ საკითხებს და საზოგადოებას შევახსენოთ, ვინ რას ამბობდა, ვინ როგორ აფასებდა ამა თუ იმ გადაწყვეტილებას და, საბოლოო ჯამში, რა შედეგი დადგა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, გაგახსენოთ, რას ამბობდა ჩვენი სასიქადულო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის ვიზიტამდე, რომ ბრიუსელში მას არავინ დახვდებოდა, ყველა მიუნხენშია ჩასული და საინტერესოა, ვისთან ჩადის კობახიძე ბრიუსელშიო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ კობახიძე შეხვდა მიშელსაც, ბორელსაც, სტოლტენბერგსაც, ყველა უმაღლესი თანამდებობის პირს როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში. რაც შეეხება თვითონ ვიზიტს, მე ორი კვირის წინ აქ ვამბობდი, პრემიერის პირველი ვიზიტი ბრიუსელში მნიშვნელოვანია, რადგან ამით ჩვენ ძალიან მკაფიო სიგნალს ვუგზავნით ყველას, მთელ მსოფლიოს, რა არის საქართველოს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და, ჰოი საოცრებავ, ბატონმა ბორელმაც, ბატონმა სტოლტენბერგმაც, ბატონმა ვარჰეიმაც და ყველამ, საჯარო განცხადებებში აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტით ბრიუსელში ჩასვლა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო და ეს იყო ასოცირების საბჭოს ერთ-ერთი საეტაპო შეხვედრა, შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდანაც გაკეთდა განცხადებები, რომ ასეთი საინტერესო და წარმატებული ასოცირების საბჭოს სხდომა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არ ყოფილა.

„ეს იმითაც არის განპირობებული, რომ ჩვენ საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მხრივ და მინდა, ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ გარდა იმ 9 დათქმისა, რომელიც არსებობს, ასევე არსებობს ბევრად უფრო დიდი და ყოვლისმომცველი დოკუმენტი, ესაა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომლის დაახლოებით სამი მეოთხედი იგივე ტექსტია, რა ტექსტიც აქვთ იმ ქვეყნებს, რომლებიც უკვე საკმაოდ წინ არიან წასული გაწევრიანების მოლაპარაკებებში. აქედან გამომდინარე, ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 9 დათქმის და ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს, რაც ასევე აღინიშნა კიდეც ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, ძალიან მკაფიო და ცალსახა გზავნილები გაკეთდა სტოლტენბერგთან შეხვედრაზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავს ნატო საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას.

ნიკოლოზ სამხარაძე თავის გამოსვლაში ასევე გამოეხმაურა ახლახან გამოქვეყნებულ ინფორმაციას ტერორიზმის ინდექსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ ინდექსში საქართველოს აქვს ე.წ. ნულოვანი მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ის შედის მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნების სიაში, სადაც ტერორიზმი არ არსებობს.

„ეს თავისთავად აჩვენებს იმას, რომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენი მთავარი მონაპოვარი მშვიდობა და სტაბილურობაა, აქ, რა თქმა უნდა, ეს განზომილებაც შედის. მაგალითად, 2012 წელთან შედარებით საქართველოს 48 ადგილით აქვს გაუმჯობესებული ეს შეფასება და საქართველო ითვლება ტერორიზმისგან სრულიად თავისუფალ ქვეყნად. ეს არის შედეგი ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების და, ზოგადად, სახელმწიფოს ეფექტური მუშაობის. სწორედ ეს არის მშვიდობისა და სტაბილურობის განმარტება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.