ნიკოლოზ სამხარაძე - სლოვაკური მხარე დაგვპირდა, რომ ისევ იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები ევროკავშირში, იმედი გამოთქვეს, რომ მეტი ქვეყანა გააგრძელებს ამ პრაგმატულ პოლიტიკას
ნიკოლოზ სამხარაძე - სლოვაკური მხარე დაგვპირდა, რომ ისევ იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები ევროკავშირში, იმედი გამოთქვეს, რომ მეტი ქვეყანა გააგრძელებს ამ პრაგმატულ პოლიტიკას

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სლოვაკეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს.

მისივე თქმით, სლოვაკეთი არის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული, მტკიცე მხარდამჭერი როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის.

„ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვიცე-პრემიერთან. შეხვედრებზე ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე, როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. სლოვაკეთი და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ ყველა მიმართულებით. სლოვაკეთი არის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული, მტკიცე მხარდამჭერი როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის. რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა ევროკავშირთან ურთიერთობების პრობლემატიკაზე. სლოვაკეთი იზიარებს ჩვენს პოზიციას, რომ საქართველოს უსამართლოდ ექცევიან, საქართველოს მიმართ არის ორმაგი სტანდარტები და, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს რიგ შემთხვევებში უფრო მაღალ მოთხოვნებს უყენებენ, რაც პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს. ზოგიერთისთვის საქართველოს ხელისუფლება არ არის კომფორტული ხელისუფლება, რადგან ბრმად არ მიჰყვება მათ ინსტრუქციებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, სლოვაკეთში შეხვედრებზე საუბარი იყო ვიზიტების გაცვლაზეც.

„უახლოეს მომავალში შედგება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სლოვაკეთში, რაც მეტ იმპულსს მისცემს საპარლამენტო განზომილებას, თანამშრომლობას. საუბარი გვქონდა უსაფრთხოების გარემოზე. სლოვაკ მეგობრებს ინფორმაცია მივაწოდეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. საუბარი გვქონდა იმ უარყოფით გავლენაზე, რასაც რუსეთ-უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი ახდენს, ზოგადად, შავი ზღვის უსაფრთხოების გარემოზე, მათ შორის საქართველოზე. ვისაუბრეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც საინტერესოა სლოვაკეთისთვისაც. პირველ რიგში მინდა, გამოვყო შუა დერეფანი, სატრანსპორტო დერეფანი, ასევე ენერგეტიკის განვითარება და ის დიდი პოტენციალი, რომელიც საქართველოს აქვს ენერგეტიკაში. სლოვაკური ბიზნესები დაინტერესებული არიან ამ სფეროთი. საუბარი შეეხო კულტურულ და საგანმანათლებლო განზომილებას. პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ სლოვაკურ უნივერსიტეტებში გაიზრდება ადგილების რაოდენობა ქართველი სტუდენტებისთვის. შესაბამისად, ყველა ეს ასპექტი, თემა, რომელიც განვიხილეთ, მნიშვნელოვანია როგორც ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად, ასევე ეს ყველაფერი უნდა დავინახოთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ჭრილში. სლოვაკური მხარე დაგვპირდა, რომ ისევ იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები ევროკავშირში. იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსთან ამ პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს მეტი ქვეყანა, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში, კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.