ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან, ოპოზიციის არაფორმალური ლიდერის დიდი მცდელობის მიუხედავად, ამ ურთიერთობებს ჩრდილი არ მიადგება
ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან, ოპოზიციის არაფორმალური ლიდერის დიდი მცდელობის მიუხედავად, ამ ურთიერთობებს ჩრდილი არ მიადგება

მინდა, ჩვენი საზოგადოება დავარწმუნო, რომ საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან, დიდი მცდელობის მიუხედავად, რომელიც ოპოზიციის არაფორმალური ლიდერის მხრიდან თითქმის ყოველდღიურად  ხორციელდება, ამ ურთიერთობებს არანაირი ჩრდილი არ მიადგება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტის დროს მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

„პირველი საკითხი არის ეკონომიკური თანამშრომლობა და ჩვენ შევთანხმდით, რომ მოხდება ვაქცინაციის დოკუმენტების ორმხრივი აღიარება, რაც ტურიზმის აღდგენას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანი სფერო, რაზეც შეთანხმება მოხდა, იყო ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობა, შავი ზღვის პორტების სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისება და ჩვენი პორტების ერთობლივად დატვირთვა. ასევე, სავაჭრო ბრუნვის პირველ ეტაპზე მილიარდ დოლარამდე გაზრდა და შემდეგ, ასევე ერთობლივი ნაბიჯებით დაგეგმვა ბაზრების ინტეგრირებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ორი ქვეყნისთვის.

ამ შეხვედრებიდან გამოიკვეთა, რომ არსებობს პოტენციალი სამკუთხედში, უკრაინა-საქართველო-ევროკავშირი, საექსპორტო ზრდისა და უკანასკნელი ციფრები აჩვენებს, რომ უკრაინასთან ექსპორტის ზრდა არის 20 პროცენტზე მეტი, რაც ასევე იმედის მომცემია.

მეორე ძირითადი საკითხი იყო ნატო-ში ინტეგრაცია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ, სამწუხაროდ, ნატო-ს მოახლოებულ სამიტზე საქართველო და უკრაინა არ იქნებიან წარმოდგენილი, თუმცა საზოგადოებას რომ მივაწოდოთ სწორი ინფომრაცია, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან მოკლეხნიანი სამიტი. იგი გაგრძელდება მხოლოდ და მხოლოდ სამ საათს. ეს არის ტექნიკური, შიდა სამიტი და ასევე სამიტი, რომელზეც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია გაეცნობა საკუთარ მოკავშირეებს. აქედან გამომდინარე, ეს არის დიდი სამიტისთვის მზადების შუალედური ეტაპი. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ სამიტზე უნდა დამტკიცდეს, არის 2030 წლის სტრატეგია, სადაც გარწმუნებთ, საქართველოსა და უკრაინის წევრობაზე აუცილებლად იქნება საუბარი.

მესამე მნიშვნელოვანი თემა არის ასოცირებული ტრიოს ფორმატი, რომელიც ახლახან დაარსდა და მას საპარლამენტო დონეზე ასევე მხარს უჭერს საქართველო-უკრაინა-მოლდოვას ასამბლეა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში დაფუძნდა. ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ერთდ მოემზადებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის და იმისთვის, რომ ევროკავშირს მოსთხოვონ მეტი დიფერენცირება და ასოცირებული ქვეყნებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემა, რათა ისინი სწრაფად დაუახლოვდნენ ევროკავშირს.

კიდევ ერთი თემა, რაზეც ვისაუბრეთ, არის კონფლიქტები და რა თქმა უნდა, ოკუპირებული ტერიტორიები როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ურთიერთკოორდინაციას ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ერთიანი ფრონტით გამოვალთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და კოორდინირებულად ვიმოქმედებთ საერთაშორისო ინსტიტუტებში. ასევე, უკრაინა იქნება თანაავტორი გაერო-ს რეზოლუციისა, რომელიც ეხება საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანას და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებას“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.