ნიკოლოზ სამხარაძე – პარლენტთშორისი კავშირის ასამბლეაზე შეხვედრები გვექნება ევროპის, აზიისა და აფრიკის, წყნარი ოკეანის ქვეყნების წარმომადგენლებთან, მთავარი საკითხია არაღიარების პოლიტიკა
დღეს, საპარლენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში, შეხვედრები გვექნება როგორც ევროპის, ასევე აზიის და აფრიკის, წყნარი ოკეანის ქვეყნების წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა, ყველა ასამბლეაზე ჩვენი მთავარი საკითხია არაღიარების პოლიტიკა, ასევე ოკუპაციის პრობლემის დაყენება. შესაბამისად, ამ პლატფორმას სწორედ ამ მიმართულებით ვიყენებთ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დელეგაცია ნებისმიერი კრიტიკული პუნქტის მოსასმენად მზად არის.
„დღეს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესაც შევხვდებით და მასთან ორმხრივ ურთიერთობებზე ვისაუბრებთ, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. ასევე, სხვა აზიურ ქვეყნებთან ვისაუბრებთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობაზე. რაც შეეხება უშუალოდ დიდ ბრიტანეთს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საუბარი ყველა თემაზე, როგორც დადებით დინამიკაზე, ასევე იმ უარყოფით გავლენებზე, რომელსაც ესა თუ ის გადაწყვეტილება ახდენს გავლენას ორმხრივ ურთიერთობებზე. ყველასთან საუბრისთვის ღია ვართ. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი კრიტიკული პუნქტის მოსასმენად. ჩვენი მხრიდანაც, სადაც ჩავთვლით საჭიროდ, რომ კრიტიკული განცხადებებია გასაკეთებელი, კრიტიკულ განცხადებებს ვაკეთებთ. ამაში უჩვეულო არაფერი არ არის, ეს საერთაშორისო ურთიერთობების ჩვეულებრივი მუშაობაა“, – განაცხადა სამხარაძემ.