ნიკოლოზ სამხარაძე - სალომე სამადაშვილმა თითიდან გამოწოვილი მიზეზით დაიწყო არარსებული ბრალდებების წამოყენება, თითქოს საგარეო საქმეთა მინისტრს არ ვიბარებთ
ნიკოლოზ სამხარაძე - სალომე სამადაშვილმა თითიდან გამოწოვილი მიზეზით დაიწყო არარსებული ბრალდებების წამოყენება, თითქოს საგარეო საქმეთა მინისტრს არ ვიბარებთ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე არარსებული ბრალდებები წამოაყენა, თითქოს კომიტეტი საგარეო საქმეთა მინისტრს არ იბარებს.

მისი თქმით, ფრაქცია „ლელოს“ საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერ კიდევ ზაფხულში ჰყავდა დაბარებული, თუმცა თავადვე მოითხოვეს, რომ მინისტრი პარლამენტში არ მისულიყო, რადგან საქართველოში არ იმყოფებოდნენ.

ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, მათ ერთი კვირის წინ კიდევ ერთი ახალი მოთხოვნით მიმართეს კომიტეტს, თუმცა მიმართვისას რეგლამენტის შესაბამისად არ იმოქმედეს.

„სალომე სამადაშვილმა თითიდან გამოწოვილი მიზეზით დაიწყო არარსებული ბრალდებების წამოყენება, თითქოს ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრს არ ვიბარებთ. ფრაქცია „ლელოს” მინისტრი ჯერ კიდევ ზაფხულში ჰყავდა დაბარებული. თარიღი შევათანხმეთ, თუმცა თავად ფრაქციამ მოითხოვა, რომ მინისტრი პარლამენტში არ მოსულიყო, რადგან საქართველოში არ იმყოფებოდნენ. მათ კიდევ ერთი ახალი მოთხოვნა გამოაგზავნეს ერთი კვირის წინ, რომელსაც ხელს არ აწერს ფრაქციის თავმჯდომარე, რეგლამენტით კი, მინისტრის დაბარება პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარის მიერ ხდება. ამიტომ, სამადაშვილს ვუთხარი, რომ თუ მინისტრის დაბარება უნდათ, რეგლამენტს უნდა დაემორჩილონ. სამწუხაროდ, სამადაშვილი ამას ვერ ხვდება. რაც შეეხება გიორგი ხელაშვილსა და ნონა მამულაშვილს შორის დაპირისპირებას, კომიტეტის სხდომაზე შეურაცხყოფა არ ყოფილა, არ გამიგია. კომიტეტის სხდომა მიმყავდა, ორ დეპუტატს შორის გადალაპარაკება იყო და არ გამიგია“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ცხარე კამათი იყო. კამათის მიზეზად საგარეო საქმეთა მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში დაბარების საკითხი იქცა. კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ზაფხულში, ფრაქცია „ლელომ“ საგარეო უწყების ხელმძღვანელის, დავით ზალკალიანის მისვლა მოითხოვა, თუმცა მოგვიანებით, ვინაიდან თავად ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სხდომის გადადება ითხოვა, თუმცა კომიტეტმა მინისტრის მისვლის საკითხი საერთოდ გააუქმა. თავის მხრივ, ნიკოლოზ სამხარაძემ განმარტა, რომ ზაფხულშიც კომიტეტში ფრაქციის წერილი შევიდა იმის თაობაზე, რომ კომიტეტის სხდომა გადადებულიყო და ახლა სამადაშვილს კომიტეტის მიმართ აქვს პრეტენზია.

დატოვე კომენტარი