ნიკოლოზ სამხარაძე - საერთაშორისო პარტნიორების არც ერთ განცხადებაში არ არის საუბარი, რომ ნიკა მელიას დაკავება მოხდა კანონდარღვევით, ძალის გადამეტებით ან პროცესი არასწორად წარიმართა
ნიკოლოზ სამხარაძე - საერთაშორისო პარტნიორების არც ერთ განცხადებაში არ არის საუბარი, რომ ნიკა მელიას დაკავება მოხდა კანონდარღვევით, ძალის გადამეტებით ან პროცესი არასწორად წარიმართა

ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს დარწმუნება არ სჭირდებათ, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ნიკა მელიას საქმე არის სამართლებრივი პროცესი. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ ისინი შეშფოთებას კი არ გამოთქვამდნენ ამასთან დაკავშირებით, არამედ იტყოდნენ, რომ აქ არის კანონდარღვევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,  ნიკოლოზ სამხარაძემ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების არც ერთ განცხადებაში არ არის საუბარი, რომ ნიკა მელიას დაკავება მოხდა კანონდარღვევით, ძალის გადამეტებით, ან პროცესი არასწორად წარიმართა.

„ვერც ერთ განცხადებაში თქვენ ვერ ნახავთ, რომ აქ ან კანონდარღვევაა, ან ძალის გადამეტება, ან პროცესი არასწორად წარიმართა. შეშფოთება არის გამოთქმული იქედან გამომდინარე, რომ ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, ეს არის პოლარიზაციის შემდეგი ეტაპი და შემდეგი სერია. სწორედ ამიტომ, არის შეშფოთება გამოთქმული, რადგან მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი როდესაც კანონს უგულებელყოფს და ძალიან აშკარად მიდის იმაზე, რომ ციხეში წავიდეს. ეს რა თქმა უნდა, არის პრობლემა და ეს, პრობლემაა ჩვენი მეგობრებისთვის, რომ ვერ მოხერხდა საქართველოში ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომ მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტია დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და განიხილონ ის საკითხები, რომელიც ქვეყანას აწუხებს. ეს არის მთავარი ამოსავალი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც, ყველა საერთაშორისო პარტნიორი მოგვიწოდებს ჩვენც და ოპოზიციასაც, ზოგადად პოლიტიკურ სპექტრს, თავი შეიკავეთ პროვოკაციებისგან. რა არის ეს პროვოკაციები? პროვოკაციები არის სწორედ ის, რომ შენ არ ემორჩილები კანონს, ებაქიბუქები შენს საკუთარ საზოგადოებას, იხსნი სამაჯურს და ისვრი ხალხში, ქუჩაში მოისვრი, ეს არის პროვოკაცია“, – განაცხადა სამხარაძემ.

რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, რომ ის თვეების განმავლობაში ემორჩილებოდა აღკვეთის ღონისძიებას და არჩევნებზე მომხდარი მოვლენების გამო შეცვალა გადაწყვეტილება, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, მელია ამით აღიარებს, რომ კანონს მიზანმიმართულად არ ემორჩილება.

„მე არ ვიცოდი, ეს განცხადება თუ ჰქონდა მას გაკეთებული, ესე იგი, ის ძალიან ნათლად აღიარებს, რომ ის არ ემორჩილება კანონს რადგან გლდანის არჩევნებში რაღაც დაძაბულობა იყო. ეს არის ის ლოგიკა, რასაც ავითარებს? ეს ლოგიკა მიუღებელია სამართლებრივ სახელმწიფოში, მანამდე თუ 16 თვე ემორჩილებოდა, გლდანის არჩევნებზე რა მოხდა ისეთი, რომ მას გადააფიქრებინა კანონმორჩილება, ცოტათი გაუგებარია.

იარაღიანი ადამიანები ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ დროიდან თუ გვახსოვს საარჩევნო უბნებზე, „ქართული ოცნებიდან“ ნამდვილად არავინ ყოფილა იარაღიანი, არც ერთ უბანზე, მათ შორის არც გლდანში. რაც შეეხება ლოგიკას, რომელსაც ის ავითარებს, ვერანაირად ვერ დავეთანხმები, ეს არის პირდაპირ, მიზანმიმართული აქცია იმისკენ, რომ დაიძაბოს ვითარება ქვეყანაში, რომ ხელისუფლება ამ დაუმორჩილებლობით კანონის მიმართ, პროვოკაციაზე წამოაგონ, რომ შემდეგ მიაღწიონ მათ თავიანთ სანუკვარ მიზანს, რომელიც არის ვადამდელი არჩევნები. ესეც ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ვადამდელი არჩევნები რომ ჩატარდეს და იმავე შედეგებით რომ დასრულდეს, რაც ძალიან დიდი ალბათობით ალბათ ასე მოხდება, მგონი, კიდევ უფრო მეტს დაკარგავენ ის პატარა ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც წინა არჩევნებზე ხმები მიიღეს, ამის შემდეგ რა უნდა ვქნათ, ისევ იტყვიან რომ არა, არ ვეთანხმებით შედეგებს, მერე ისევ ახალი არჩევნები ჩავატაროთ და ასე მუდმივად წრეზე უნდა ვიაროთ?“, – განაცხადა დეპუტატმა.

სამხარაძის განცხადებით, დიალოგის შემდეგი რაუნდის ჩანიშვნა ელჩების პრეროგატივაა და „ქართული ოცნება“ მათ გადაწყვეტილებას ელოდება.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ ამ მოლაპარაკებაში შევედით ფასილიტატორი ელჩების მეშვეობით, ახლა მოლაპარაკებების ხელისუფლების მიერ დანიშვნა ცოტა არასწორი მგონია. ელჩების პრეროგატივაა ეს, ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ელჩებს, როდის დანიშნავენ ისინი შეხვედრას. მე შემიძლია გითხრათ, რომ დიპლომატები მუშაობენ ამაზე, მუშაობენ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რომ ისინი როგორმე მოიყვანონ მოლაპარაკების მაგიდასთან. ისინი ამაზე მუშაობენ მთელი ამ თვეების განმავლობაში. მე ვერ შევიჭრები მათ კომპეტენციაში, თუმცა მათი საჯარო განცხადებებიდანაც ჩანს წუხილი, რომელსაც ისინი გამოთქვამენ, რადგან არაერთი მოწოდების მიუხედავად, მათ ვერ დაიყოლიეს ოპოზიციური პარტიები, რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში. შესაბამისად, რაღაც პერიოდში მათ ჩათვალეს, რომ ამ მოლაპარაკების გაგრძელებას აზრიც აღარ ჰქონდა. ახლა კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ ისინი, იყო შეხვედრები, კონსულტაციები და იმედი მაქვს, რომ დაითანხმებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მოვიდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადა სამხარაძემ.